გვჭირდება მეტი მაღალმხარჯველი ტურისტი, ამისთვის საჭიროა ბევრი პირდაპირი ფრენა - გიდი

„გვჭირდება უფრო მეტი მაღალმხარჯველი, ევროპელი და ამერიკელი ტურისტი“, - ამის შესახებ bpn-თან გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვისთვის საჭიროა მეტი პირდაპირი ფრენები და სწორი მარკეტინგული აქტივობები. გიორგიძემ ისაუბრა პრეს-ტურების შესახებაც, რომელიც სხვადასხვა კუთხის ტურისტული პოპულარიზაციისთვის პერიოდულად ტარდება.

„პრეს-ტურებში ძირითადად მოქცეულია ის პოპულარული ადგილები, რაც ისედაც დატვირთულია. ამას გლობალურად უნდა შევხედოთ, ადამიანმა გადაწყვიტა საქართველოში მოგზაურობა, დაგუგლა და რასაც ამოუგდებს პირველს ყველაზე პოპულარულს, იმაზე აჩერებს არჩევანს. ბრალეულობა კერძო სექტორის და სახელმწიფოსი თანაბარია, რადგან არც კერძო სექტორი იკლავს თავს იმისთვის, რომ ახალი ადგილები აითვისოს და არც სახელმწიფო თავისი მარკეტინგული კამპანიით არ ცდილობს სხვა ადგილების დამატებას.

თუნდაც ავიღოთ ვაშლოვანის ნაკრძალი, ეროვნული პარკები, რაც ძალიან მაგარი გვაქვს, სამცხე-ჯავახეთი, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი ტოპ მიმართულებაა - სამცხე-ჯავახეთი არ არის მხოლოდ ვარძია, იქაა ჯავახეთის ზეგანი, ფოკა, ფარავანი, საფარა, სარო და ა.შ. ძალიან ბევრი მაგარი ადგილია. ეს მხარე ნელ-ნელა პოპულარული ხდება, მაგრამ ამას თავისი დრო სჭირდება.

გვჭირდება უფრო მეტი მაღალმხარჯველი, ევროპელი და ამერიკელი ტურისტი. ამისთვის საჭიროა მეტი პირდაპირი ფრენები, სწორი მარკეტინგული კამპანია და ქვეყანამ არ უნდა გადაუხვიოს იმ გეზს, რაც არჩეული გვაქვს“, - განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.

მერი ტაბატაძე