„მიმდინარეობს გემის შერჩევა“ - ბათუმი-კონსტანცას შორის შესაძლოა, სამგზავრო გადაყვანა დაიწყოს

ფოთიდან რუმინეთის პორტ კონსტანცას მიმართულებით სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნა მზარდია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ E60 Shipping Line-ის კომერციული დირექტორი მიშა ბაბუნაშვილი აცხადებს.

კომპანიამ მიმდინარე წლის თებერვალში, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბორანი „AIA” იყიდა. ის ქართული დროშის ქვეშ დაცურავს და ეკიპაჟი სრულად საქართველოს მოქალაქეებისგან არის დაკომპლექტებული.

ამჟამად სატვირთო გადაზიდვებს ფოთი-კონსტანცას მიმართულებით ორი ბორანი ახორციელებს. კვირაში ორჯერ ხორციელდება ტვირთების გადატანა და ერთ გზას დაახლოებით 2-3 დღე სჭირდება.

„მოთხოვნა ძალიან კარგია, ამიტომ დავიმატეთ მეორე ბორანი თებერვალში. ეს ბორანი არის ჩვენ საკუთრებაში, ქართული დროშით და ჩვენი ეკიპაჟით. დაახლოებით ბორანზე 17 ადამიანამდეა დასაქმებული. ფოთიდან კონსტანცამდე ჩასვლას 2-დან 3 დღემდე სჭირდება. ფასი სხვადასხვაა განსხვავებული მანქანებისთვის“, - განაცხადა მიშა ბაბუნაშვილმა.

ამასთანავე, E60 Shipping Line-მა ბათუმი-კონსტანცას მიმართულებით შესაძლოა, სამგზავრო ბორნით მიმოსვლა დაიწყოს.

„100%-იანად ვერ გეტყვით ჯერ, იმიტომ, რომ ჩვენი მიმართულება ახლა არის ფოთი-კონსტანცა. ბათუმი-კონსტანცას რეისიც შეიძლება დაინიშნოს. ამ დროისთვის მიმდინარეობს გემის შერჩევა, რომ დავიწყებთ მიმოსვლას, გავაჟღერებთ ინფორმაციას“, - აღნიშნა მიშა ბაბუნაშვილმა.

მერი ტაბატაძე