საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსესხებელი ქვეყნებისთვის საკომისიოს შეამცირებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) მსესხებელი ქვეყნებისთვის დამატებითი საკომისოს და ჯარიმების ოდენობას გადახედავს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ფონდის დირექტორთა საბჭო, რომელიც 190 ქვეყნიდან 24 წევრისგან და ფონდის მმართველობის ერთი წარმომადგენლისგან შედგება, აპირებს, ქვეყნებისგან საკომისიო სახსრების ამოღების შერბილებული ვარიანტი განიხილოს.

შეღავათი შეეხება დამატებით გადასახადებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც, სსფ-ის პროგრამების ფარგლებში, თავიანთ კვოტაზე მეტ სესხს იღებენ ან მის დაფარვას უფრო მეტ დროს ანდომებენ.

სავალუტო ფონდი განმარტავს, რომ მართალია, დამატებითი საკომისიო ფინანსური მოდელის აუცილებელი ნაწილია, რომელიც ჭარბსესხიანობას ან სესხის დაფარვის გაჭიანურებას ხელს უშლის, მაგრამ მსესხებლები თვლიან, რომ ეს მოსაკრებელი მათ სახელმწიფო რესურსს აკოტრებს, რომელიც საკვებსა და ჯანდაცვაზე უნდა იხარჯებოდეს. ასევე, მაღალი ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების გათვალისწინებით მოსაკრებლები სულ უფრო დამსჯელი ხდება.

Bloomberg-ის მონაცემებით, განსაკუთრებით, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მაღალი საპროცენტო განაკვეთების შედეგად სსფ-ის ზოგიერთი სესხის საერთო განაკვეთი უკვე 8%-ს აღემატება, რაც COVID-19-ის პანდემიამდელ დონეზე ორჯერ მეტია.

სწორედ ამიტომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის უმსხვილესმა აქციონერმა, აშშ-მა ნათლად განაცხადა, რომ მზად არის, საკომისიოს ოდენობას გადახედოს.

სავარაუდოდ, დამატებითი საკომისიოს შემცირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება მიღებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ