რაჭა-ლეჩხუმში 127 ოჯახი დაბრუნდა - რატომ ვეღარ გრძელდება მიტოვებული სახლების გაცოცხლების პროექტი

უკვე 98-მდე გაყიდული მიტოვებული სახლი და ჯამში, რეგიონში დაბრუნებული 127 ოჯახი, ეს კამპანიის „დაკარგული სამოთხე“ შედეგია. როგორც პროექტის ავტორი ლექსო ჩარკვიანი bpn-თან ამბობს, სახლებზე მოთხოვნა არის, თუმცა მანქანა აღარ ჰყავს, რის გამოც სოფლებში სახლების საძებნელად სიარულს ვეღარ ახერხებს.

ლექსო ჩარკვიანმა პროექტი „დაკარგული სამოთხე“ 2018 წლის ივნისში დაიწყო და დღემდე, უკვე 98 მიტოვებულ სახლს აპოვნინა ახალი პატრონი. კამპანიის ფარგლებში, ლექსო ჩარკვიანი სოფლებში მიტოვებულ სახლებს ეძებდა და მათ „გაცოცხლებას“ ამავე სახელწოდების Facebook-ის გვერდის საშუალებით ცდილობდა. კერძოდ, სახლებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაციას საჯარო რეესტრის საშუალებით აგროვებდა, მათ მოსანახულებლად კი საკუთარი ხარჯებით ჩადიოდა. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს სახლის გაყიდვის სურვილი აღმოაჩნდებოდა, ფოტოებს სოციალურ ქსელში ტვირთავდა, დანარჩენს მეპატრონე და მყიდველი თავად აგვარებდნენ.

რაც შეეხება იდეას, როგორც ავტორი აცხადებს, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ერთ-ერთ სოფელში სტუმრობისას თვალწინ მიტოვებული სახლი ჩამოეშალა.

ლექსო ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ სახლებზე მოთხოვნა ახლაც არის, თუმცა ფასები შედარებით გაიზარდა და ამ ეტაპზე, 8000 დოლარიდან იწყება.

„ეს საქმიანობა ვეღარ გავაგრძელე, რადგან მანქანა გამიფუჭდა, აღარ მყავს. ძველი, 1992 წელში გამოშვებული „პიკაპი“ მყავს და ძრავა დამეწვა. ასე რომ, უმანქანოდ ამ საქმის გაგრძელება ძნელია. თუმცა, ჩემი კამპანიის ფარგლებში გათბა 98 კარ-მიდამო და ჯამში 127. ეს 127 გეტყვით როგორ, ვისაც ჩემი ნაპოვნი არ მოეწონა, თვითონ წამოვიდნენ ოჯახებით და იპოვეს. სოფლებში რომ დავდიოდი, ძალიან ბევრჯერ გზაზე შემხვედრიან და უთქვამთ, ჩვენც მოგვანდომე სოფელშიო. ჩამოვიდა 2 ცნობილი მსახიობი, 2 ძალიან მაგარი მწერალი, მხატვარი. მე მათთან შეხება არ მაქვს, მაგრამ შორიდან ვიცი მათ შესახებ. მე ხომ უძრავი ქონების აგენტი არ ვარ, უბრალოდ, სახლებს ვპოულობ და საკონტაქტო ინფორმაციას ვუთითებ, შემდეგ მყიდველებთან შეხება არ მაქვს“,- ამბობს ლექსო ჩარკვიანი.

კითხვაზე, რომ ჰყავდეს მანქანა, გააგრძელებდა თუ არა პროექტს, „დაკარგული სამოთხის“ ავტორი პასუხობს - „ცხადია, ელოდება ხალხი. ახალგაზრდობა ითხოვს, თბილისიდან იმდენი ადამიანი ითხოვს, თავისით ჩამოდიან. მიუხედავად იმისა, რომ როდესაც ეს კამპანია დავიწყე, ის ფასები აღარ არის და მოგეხსენებათ, უძრავ ქონებაზე ფასები იმატებს, მაინც ყიდულობენ. ახლა ფასი დაახლოებით 8000 დოლარიდან იწყება, გააჩნია უსახელოურის მიკროზონაში მოხვდები თუ ტვიშის. უსახელოურის ზონაში, სადაც 1 კგ ყურძნის ფასი 15-დან 17 ლარამდე ფასობს, ძალიან რთულია რამე იაფად იყიდო, რადგან იქ ფაქტობრივად ოქროს ნიადაგია. სანამ მანქანა გამიფუჭდებოდა, 5 სახლი მაქვს ნაპოვნი და ყველაზე იაფი, 10 000 დოლარი დამაწერინა მეპატრონემ“- ამბობს ლექსო ჩარკვიანი.

ნინი ქეთელაური