იძულებითი შრომის პრევენციის და მასზე რეაგირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს ზედამხედველობის ფუნქცია ენიჭება

იძულებითი შრომის და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მასზე რეაგირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქცია ენიჭება.

ამას "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა. როგორც ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, პროექტი ევროკავშირის რეკომენდაციით მომზადდა და ითვალისწინებს იმას, რომ შრომის ინსპექტორს ჰქონდეს ნებისმიერ დაწესებულებაში შესვლის უფლება, ყოველგვარი წინასწარი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, რათა მოხდეს ტრეფიკინგის და შრომითი ექსპლუატაციის პრევენცია და იდენტიფიცირება.

კანონპროექტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და რეაგირების მიზნით ახორციელებს შრომის პირობების შემოწმებას და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს. ამავე პროექტის გათვალისწინებით, მთავრობამ 2016 წლის 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს, ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახურის მიერ იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი.