სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე - 1989 წ. დაბადებული ჯ.მ, 1950წ. დაბადებული მ.ბ. და 1999 წ. დაბადებული ქ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

როგორც სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით სხვადასხვა სატვირთო ავტომობილში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.