ნაპოლეონ ბონაპარტის ორი პისტოლეტი აუქციონზე 1.69 მლნ ევროდ გაიყიდა

საფრანგეთში უცნობმა მყიდველმა აუქციონზე ნაპოლეონ ბონაპარტის ორი პისტოლეტი 1.69 მლნ ევროდ შეიძინა.

ინფორმაციას სააგენტო, France-Presse აუქციონის სახლ Osenat-ის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აუქციონზე „მდიდრულად მორთული ორი პისტოლეტი გაიყიდა, რომელიც ნაპოლეონ I-ს 1814 წელს, მის პირველ გადადგომამდე ეკუთვნოდა.“

ინფორმაციას მყიდველის შესახებ აუქციონის სახლები, Osenat და Rossini საიდუმლოდ ინახავენ, თუმცა აცხადებენ, რომ გარიგებამ წარმატებით ჩაიარა.

Osenat-ის სპეციალისტების მიერ შეფასებული ღირებულება და წარდგენილი საწყისი ფასი 1,2–1,5 მლნ ევროს შეადგენდა.

ცნობისთვის: აუქციონის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ოფიციალლურ სამთავრობო ვებგვერდ Journal officiel-ზე გამოქვეყნებულ საფრანგეთის კულტურის სამინისტროს განკარგულების თანახმად, ნაპოლეონ ბონაპარტის კოლექციიდან ორი პისტოლეტი, რომლითაც მას თვითმკვლელობა სურდა, ეროვნულ საგანძურად იქნა აღიარებული და რესპუბლიკის ტერიტორიიდან მათი გატანა აიკრძალა.

„ობიექტთა ეს ჯგუფი ისტორიისა და ხელოვნების თვალსაზრისით დიდ ინტერესს იწვევს ეროვნული მემკვიდრეობისთვის და ეროვნულ საგანძურად უნდა ჩაითვალოს. მათ საექსპორტო სერტიფიკატზე უარი გაიცემა,“ - წერია დოკუმენტში.

კულტურის სამინისტროს ცნობით, უნიკალური ნაკრები ორ ელეგანტურ პისტოლეტს, ასევე, ყუთსა და მათ აქსესუარებს მოიცავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ