ჩინეთში ქართული სანელებლების ექსპორტი 563%-ით გაიზარდა - კიდევ სად ვყიდით ქართულ სუნელებს

ჩინეთი ქართული სანელებლების მთავარი ექსპორტიორია. 2024 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ქართული სანელებლების ექსპორტი 563%-ით გაიზარდა და 15.777 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში აზიის ამ ქვეყანაში მხოლოდ 2.379 მლნ დოლარის გავიდა.

საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, ჯამში 2024 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან 20.064 მლნ დოლარის ღირებულების სანელებლების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 185.8%-ით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ამ მოცულობის სუნელები საქართველოს არცერთ წელს გაუტანია. 2009 წელს (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები ამ პერიოდიდან არის ხელმისაწვდომი) ქვეყნიდან 1.115 მლნ დოალრის სანელებლები გავიდა, 2023 წლის იანვარ-მაისში კი 7.018 მლნ-ს ღირებულების.

ქართული სანელებლების მთავარი იმპორტიორი წლების განმავლობაში თუ რუსეთი იყო, წელს ეს მოცემულობა შეიცვალა და მან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. წელს ქართული პროდუქციის 78,6% ჩინეთში გავიდა.

2024 წლის იანვარ-მაისში ქართული სანელებლების საექსპორტო ქვეყნების თოპ-5 ასე გამოიყურება:

  • ჩინეთი - 15.777 მლნ დოლარი (წილი მთლიან ექსპორტში – 78.6%)
  • რუსეთი - 2.950 მლნ დოლარი (წილი მთლიან ექსპორტში 14.7%)
  • უკრაინა - 497.76 ათასი დოლარი (წილი მთლიან ექსპორტში 2.4%)
  • თურქეთი - 267.5 ათასი დოლარი (წილი მთლიან ექსპორტში 1.3%)
  • ყაზახეთი - 195.9 ათასი დოლარი (წილი მთლიან ექსპორტში 0.98%)