კახა კალაძემ და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა სტიქიით დაზარალებულთა დახმარებაზე ისაუბრეს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ენერგეტიკული კომპანიებს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება იყო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს შეხვედრა გაიმართა ყველა იმ კომპანიასთან, ვინც ენერგეტიკულ დარგში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. შეხვედრას დაახლოებით 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

კახა კალაძემ კომპანიების წარმომადგენლებს იმ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, რაც მათ ბოლო დღეების განმავლობაში გამოიჩინეს. "ყველა კომპანია ჩართულია სხვადასხვა სახით, ზოგი ფულადი შემოწირულობით, ზოგი თავიანთი ტექნიკით, მუშახელით. მაქსიმალურად გვეხმარებიან გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებში. მაგალითად, კომპანია "სოკარმა" ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემოწირულობა, 250 000 გადარიცხა. ყველა კომპანია ვისაც რითი შეუძლია, მაქსიმალურად არის ჩართული. ეს მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დიდია და ერთი შეხედვით, ეს 100 მილიონზე მეტი იქნება. კითხვაზე, რა თანხას გადარიცხავენ კომპანიები დაზარალებულთა დასახმარებლად, კალაძემ აღნიშნა, რომ თანხობრივად ამის დაკონკრეტება გაუჭირდება, რადგან დღიურ რეჟიმში ხდება ამ თანხების შემოწირულობა, თუმცა აღრიცხვა ხორციელდება "რადგან ეს ყველამ უნდა იცოდეს". მისივე თქმით, დიდია დახმარება გაწმენდით სამუშაოებში ტექნიკის მიმართულებითაც.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანია "ანდრიტს ჰიდროს" წარმომადგენელმა აღნიშნა, კომპანია 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად დაახლოებით 30 000 ლარის შემოწირულობას განახორციელებს. კომპანია "ფერის" წარმომადგენლის, ლაშა იორდანიშვილის თქმით, კომპანიების მხრიდან სხვადასხვა დახმარებაა აღმოჩენილი. "რამდენიმე ათეული, ხშირ შემთხვევაში რამდენიმე ასეული ათასით შემოიფარგლება ის გვერდში დგომა, რომელსაც მაგალითად ჩვენი კომპანია ახორციელებს", - აღნიშნა იორდანიშვილმა.

"ყაზტრანსგაზ თბილისის" წარმომადგენლის, ნინო თურმანიძის თქმით, კომპანია დაზარალებულთა დახმარების ფონდში ფინანსურ წვლილს შეიტანს და ეს იქნება თანამშრომელთა ხელფასიდან შემოწირულობები, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გადაირიცხება.