სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, მიმდინარე თვეში, უკვე 5 კომპანია შეიყვანა „შავ სიაში“.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განმარტებებშია აღნიშნული, ბიზნეს სუბიექტები დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისთვის, ან არაჯეროვანი შესრულების გამო მოხვდნენ სიაში.
ამათგან, ერთ კომპანიას „რენესანს ბილდინგ გროუფ“-ს ორი ხელშეკრულების პირობების დარღვევას ედავებიან.
Bpn-ი გთავაზობთ ინფორმაციას ამ კომპანიების შესახებ:
- შპს „რენესანს ბილდინგ გროუფ“ - კომპანია 2017 წელს არის რეგისტრირებული. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, მისი დირექტორი და მფლობელი მიხეილ მამრიკიშვილია.
- შპს „ჯიტი“ – 2021 წელს დაფუძნებული ბიზნესის ერთპიროვნული მფლობელი და დირექტორია გიორგი კევლიშვილი.
- შპს „ერ ტე დე“ - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2013 წელს შეიქმნა. მესაკუთრე და დირექტორი ლუხუმ ქართლოსიშვილია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კომპანიას მერია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტში, ხელშეკრულების პირობების, კერძოდ, ვადების დარღვევაში სდებს ბრალს.
- შპს „ვ&ს პროდუქტი“ – 2020 წელს დარეგისტრირებული კომპანიის მფლობელი და დირექტორი ლაშა ვახანიაა.
- შპს „ბ.დ.მ. 2023“ - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ბიზნეს სუბიექტი 2023 წელს დარეგისტრირდა ოფიციალურად. მისი მესაკუთრე და დირექტორია ნიკო ხაბალაშვილი.