ვინ არიან  მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევების ფიგურანტები  - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევებზე სია განაახლა. ბოლო მონაცემებით, სიაში შესულია 183 მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევა, რომელშიც 185 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის, 16 მოსამართლე, 34 პარლამენტის წევრი, 30 მთავრობის წვერი და 57 მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირი.

„კორუფციის კუთხით საქართველოში ამჟამად არსებული ვითარება ხასიათდება, ერთი მხრივ, წვრილმანი კორუფციის შთამბეჭდავად დაბალი დონით და ამავე დროს, მაღალი დონის კორუფციის - თითქმის სრული დაუსჯელობით. სამწუხაროდ, კორუფციამ საქართველოში უკიდურესი – „სახელმწიფოს მიტაცების“ ფორმა მიიღო“, - აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

მათივე მოკვლევის მიხედვით, ბოლო განახლება ასეთია:

„სავარაუდო კორუფცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

სავარაუდო კორუფციული ნიშნები გამოიკვეთა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რამდენიმე კომპანიის მიერ მიღებულ სახელმწიფო შესყიდვებში, რომლებიც სამშენებლო ან/და გზის მოწყობის სამუშაოებს ასრულებენ. ისინი დაკავშირებულნი არიან მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირებთან, და/ან არიან პოლიტიკური შემწირველებიც. მაგალითად, შპს „ლიდერი+“-ის 25% წილის მფლობელი აკაკი კვიციანია, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ ბაია კვიციანის ძმაა. კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 37 232 754 ლარის ხელშეკრულებები მიიღო“. წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

საეჭვო კორუფციული გარიგებები აჭარაში

აჭარაში თანამდებობის პირებთან, ძმებ აკაკი, როლანდ და რაულ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანია შპს ესია ჯგუფმა 2021-2024 წლებში 5 344 077 ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო. ეს თანხა კომპანიამ ან ქვეკონტრაქტორის ხელშეკრულებით, უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოგებული ტენდერებით მიიღო.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ადიგენის მერთან დაკავშირებული სავარაუდო კორუფციული შემთხვევა

ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის ძმა ერთ-ერთია იმ 5 ბიზნესმენს შორის, რომელმაც ადიგენის მერიასთან ერთად ააიპ „ადიგენის განვითარების ფონდი” დააფუძნა. ლევან ქიმაძეს ადიგენის მუნიციპალური ააიპ-ებიდან 2013-2023 წლებში შესყიდვებით 1 287 209 ლარი აქვს მიღებული. მერის მეორე ძმას, ჯემალ ქიმაძეს მეოთხე წელია ააიპ „ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის“ დირექტორის პოზიცია უკავია.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

პოლიცია და სასამართლო აქტივისტების წინააღმდეგ ხელისუფლების სამსახურში

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს სქემას, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება პოლიციასა და სასამართლოს აქტივისტების წინააღმდეგ. სიუჟეტში განხილულია 5 საქმე, როცა პოლიციამ აქტივისტები გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ დააკავა, ცრუ ჩვენებების საფუძველზე და შემდეგ ისინი სასამართლომ, ობიექტური მტკიცებულებების უგულებელყოფით, სამართალდამრღვევად ცნო. ამ საქმეების განხილვის ეტაპზე მოსამართლეები ნინო შჩერბაკოვი და კობა ჩაგუნავა გამოსაცდელი ვადით იყვნენ დანიშნულნი. 2023 წლის 3 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორივე მოსამართლე უვადოდ დანიშნა.

წყარო: სტუდია მონიტორი ; ნეტგაზეთი

თბილისის ვიცე-მერის ქონება

თბილისის ვიცე-მერს ქონებრივი დეკლარაციის თანახმად სახლი არ აქვს, თუმცა, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით ირაკლი ხმალაძე ფეშენებელურ პენტჰაუზში კრწანისის ელიტურ დასახლებაში ცხოვრობს. ეს კომპლექსი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძეს ეკუთვნის. ნამორაძემ კრწანისი ვილა რეზიდენსის მშენებლობა უნებართვოდ 2015 წელს დაიწყო, თუმცა ჯარიმის გადახდის შემდეგ მრავალბინიანი სახლების მშენებლობის უფლება მოიპოვა. მას შემდეგ ნამორაძემ თბილისის მერიისგან არაერთი პრობლემური ნებართვაც მიიღო. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ხმალაძის დეკლარაციაში სხვა დარღვევებიც გვხვდება.

წყარო: სტუდია მონიტორი

კახა კალაძის მეჯვარის მიერ მოგებული უკონკურენტო და უპირობო აუქციონი

თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით რეაბილიტირებული 4 ისტორიული შენობა „გუდიაშვილის მოედანზე“, უკონკურენტო და უპირობო აუქციონის გზით საბოლოოდ ქ. თბილისი მერის, კახა კალაძის მეჯვარის, ივლიანე წულაიას ბიზნეს ჯგუფის საკუთრებაში აღმოჩნდა.

წყარო: სტუდია მონიტორი

მოსამართლე ლევან მურუსიძის დაუდეკლარირებელი და დაუსაბუთებელი ქონება

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძე კახეთში, ალაზნის ველიდან რამდენიმე კილომეტრში 170 ჰა მიწას ფლობს, რომელიც ახლობლის, თამთა მიქანაძის სახელზე აქვს რეგისტრირებული. თამთა მიქანაძის სახელზეა 120 კვ.მ ბინა იპოდრომთან, რაც, გამოძიების თანახმად, სავარაუდოდ, ასევე მოსამართლე ლევან მურუსიძემ შეიძინა.

წყარო: სტუდია მონიტორი

პარლამენტის ყოფილი წევრის სახელმწიფო შესყიდვები

პარლამენტის ყოფილი წევრის, სერგო ხაბულიანის კომპანიამ 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით 306 909 196 ლარი მიიღო. ხაბულიანის კომპანიას მოგებული 68 ტენდერიდან 33-ში კონკურენტი არ ჰყოლია, ხოლო 16 ტენდერი სხვა მონაწილეთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.

ხაბულიანმა და მისმა ოჯახმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ 398 000 ლარი გაიღეს.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ხობის მერიის სავარაუდოდ მორგებული ტენდერი

ხობის მერიამ 2024 წლის 17 იანვარს 6 სხვადასხვა დასახლებაში გზების რეაბილიტაციაზე ერთი ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 10 818 151 ლარია. მერიის მიერ დადგენილი სატენდერო პირობები კონკურენციას ზღუდავს და სავარაუდოდ, მორგებულია სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია სს არქეოპოლისზე. ხობის მერიის 2023 წლის იანვარში გამოცხადებულ მსგავს ტენდერში სს არქეოპოლისმა უკონკურენტოდ გაიმარჯვა.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“,- აღნიშნულია კვლევაში.

იხილეთ სია სრულად:

ნინი ქეთელაური