ქონების დეკლარირების ვალდებულება გავრცელდეს აღმასრულებელი ფუნქციების მქონე ყველა პირზე - GRECO

ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი“ მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიშს აქვეყნებს საქართველოში კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების შესახებ.

ანგარიშში განსაზღვრულია რეკომენდაციების სია, რომელიც საქართველომ ანტიკორუფციული მიმართულებით უნდა გადადგას. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქონების დეკლარირების ვალდებულება უნდა გავრცელდეს უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე ყველაზე პირზე, მათ შორის პრემიერისა და მინისტრების ყველა მრჩევლებზე.

ამასთანავე, რეკომენდაციების თანახმად, უნდა დაზუსტდეს ოჯახის წევრების განმარტება, რომელთა ფინანსური ინფორმაციაც უნდა იყოს შეტანილი დეკლარაციაში.

„მაღალი აღმასრულებელი თანამდებობის პირების მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში გაფართოვდეს საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის შინაარსი, მათ შორის საანგარიშო პერიოდში დანიშვნამდე და უფლებამოსილების დასრულების შემდგომ მიღებული ანაზღაურებადი სამუშაოს შესახებ“, - აღნიშნულია GRECO-ს რეკომენდაციებში.

GRECO კორუფციის პრევენციისთვის უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ხელისუფლებას ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. კერძოდ, რეკომენდაციები სია ასეთია:

  • დადგინდეს წესები, რომლებიც მოითხოვს კეთილსინდისიერების შემოწმებას მინისტრებისა და მინისტრების მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნამდე;
  • პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების მრჩევლებმა, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მისმა მოადგილეებმა და მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გაიარონ კეთილსინდისიერების შემოწმება;
  • ანტიკორუფციული პოლიტიკა მიღებულ იქნას რისკების წინასწარი შეფასების საფუძველზე, რომელმაც უნდა მოიცვას უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე ყველა პირი და იყოს საჯარო;
  • მიღებულ და გამოქვეყნებულ იქნას უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირებისათვის ქცევის კოდექსი;
  • გადაიხედოს ანტიკორუფციული ბიუროს სამართლებრივი ჩარჩო უფრო მეტი ოპერატიული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად;
  • გატარდეს დამატებითი ზომები ინფორმაციის დროული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ასევე პროაქტიული გამჭვირვალობის გასაძლიერებლად;
  • დადგინდეს წესები, თუ როგორ ურთიერთობენ უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირები ლობისტებთან და სხვა მესამე მხარეებთან, რომლებიც ცდილობენ გავლენა მოახდინონ მთავრობის სამართალშემოქმედებით და სხვა საქმიანობაზე და გამჟღავნდეს საკმარისი ინფორმაცია ამ კონტაქტების მიზნის შესახებ, როგორიცაა იმ პირ(ებ)ის ვინაობა, ვისთანაც (ან ვისი სახელით) გაიმართა შეხვედრა(ებ)ი, ასევე კონკრეტული განსახილველი საკითხ(ებ)ი;
  • შემუშავდეს ინტერესთა კონფლიქტების მოგვარების მკაფიო წესები და დარღვევის შემთხვევაში გატარდეს ეფექტური, თანაზომიერი და შემაკავებელი სანქციები;
  • დაწესდეს უფრო მკაცრი წესები საჩუქრებთან და სხვა შეღავათებთან დაკავშირებით უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პირებისთვის;
  • გაფართოვდეს და გავრცელდეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემა უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე ყველა პირზე, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების ყველა მრჩევლის ჩათვლით;
  • გადაიხედოს პოლიციაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მოქმედი სისტემა, რათა ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საგამოძიებო პროცესებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე.
  • განახლდეს პოლიციის ეთიკის კოდექსი;
  • დაინერგოს პოლიციელის კეთილსინდისიერების რეგულარული შემოწმება საპოლიციო კარიერის მანძილზე ყველა დონეზე;
  • შეიქმნას პოლიციელებისთვის როტაციის ინსტიტუციური სისტემა;
  • შეიქმნას საჩუქრების რეესტრი პოლიციის თანამშრომლებისთვის და დაინერგოს მკაფიო წესები პოლიციის თანამშრომლების მიერ საჩუქრების მიღებისა და დეკლარირებისათვის, რაც დაექვემდებარება სათანადო ზედამხედველობასა და აღსრულებას;
  • მიღებულ იქნეს და განხორციელდეს პოლიციაში მამხილებელთა დაცვის ზომები;
  • დაიყოს პოლიციელების მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევებისა და დანაშაულების შესახებ შეგროვებული მონაცემები და მათზე დაწესებული სანქციები თითოეული სამართალდამცველი უწყებისთვის.

ცნობისთვის, GRECO საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შესრულებას 2025 წელს შეაფასებს.

მერი ტაბატაძე