„რადგან მთავრობამ თვითონ „დაწვა“ ყველა ხიდი ევროკავშირთან - გაყინულია კანდიდატის სტატუსი“

„რადგან მთავრობამ თვითონ „დაწვა“ ყველა ხიდი ევროკავშირთან, ელჩმაც მიიღო ინსტრუქციები, რომ ილაპარაკე ის, რასაც რეალურად ვფიქრობთ“,- ასე აფასებს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი და რონდელის ცენტრის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებებს.

როგორც პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეთანხმებით, საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ამასთან, ელჩმა განაცხადა, რომ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა, გაყინულია. რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ რამდენად სწრაფად გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი, თავად ქართველებზეა დამოკიდებული.

კახა გოგოლაშვილი bpn-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ელჩმა ის განწყობები გააჟღერა, რაც სინამდვილეში, ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს მანამდეც ჰქონდათ. კერძოდ, თუ „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა არ მოხდება, მათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა დახურული აქვთ.

„ყველაფერი ძალიან ღიად და პირდაპირ იყო ნათქვამი. უბრალოდ, მანამდე ელჩი საუბრობდა უფრო თავშეკავებულად, ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ მას ევალებოდა საქართველოსთან ურთიერთობები, ფრონტის წინა ხაზზე იყო და ცდილობდა, არ გაეწყვიტა კავშირები, „ხიდები არ დაეწვა“ და ა.შ. მაგრამ, რადგან მთავრობამ თვითონ „დაწვა“ ყველა ხიდი ევროკავშირთან, ელჩმაც მიიღო ინსტრუქციები, რომ ილაპარაკე ის, რასაც რეალურად ვფიქრობთ, აღარ არის საჭირო შეფუთვა. პრინციპში, იგივე თქვა, რასაც ერთი თვის წინ და უფრო ადრე საუბრობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, მაგალითად, საგარეო ურთიერთობების მიმართულებით, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი ან ევროკავშირის ინსტიტუტების ნებისმიერი სხვა, უმაღლესი წარმომადგენელი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო თუ ამ კანონს არ გაიწვევს უკან, მაშინ დახურული აქვს პერსპექტივა ევროკავშირთან წინსვლის, ანუ გაყინულია კანდიდატის სტატუსი და ასე ვიქნებით გარკვეული პერიოდი“,- ამბობს კახა გოგოლაშვილი.

ნინი ქეთელაური