"თბილსერვისჯგუფის" განცხადებით, სტიქიის ზონის მიმდებარე ტერიტორია დღეში ორჯერ ირეცხება

"თბილსერვისჯგუფის" განცხადებით, სტიქიის ზონები და მიმდებარე ტერიტორია პერმანენტულად ირეცხება. "თბილსერვისჯგუფის" ინფორმაციით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თბილისის ქუჩები დღეში ორჯერ, დილით და საღამოს, სპეციალური ტექნიკის დახმარებით ირეცხება.  "სამუშაოები 07:30 საათიდან, ხოლო ღამით 22:00 საათიდან იწყება. დასუფთავების არეალში რუსთაველის, კოსტავას, გამსახურდიას, მელიქიშვილის, ჭავჭავაძის გამზირები, ასევე თამარაშვილის ქუჩა შედის. უშუალოდ სტიქიის ზონაში, კერძოდ, გმირთა მოედანზე სპეციალური ტექნიკა მთელი დღის განმავლობაში მორეცხვა-დასუფთავების სამუშაოებს აწარმოებს. გამომდინარე იქედან, რომ სტიქიით გამოწვეული დაბინძურება დიდ მასშტაბებს მოიცავს, მორეცხვა-დასუფთავების სამუშაოები გაძლიერებულ რეჟიმში მომავალ კვირაშიც გაგრძელდება", -აცხადებენ დასუფთავების სამსახურში.