პაუელი: განაკვეთის შემცირების არგუმენტები სულ უფრო მყარდება

აშშ-ის ეკონომიკა გადახურებული აღარ არის და საპროცენტო განაკვეთის შემცირების არგუმენტები სულ უფრო მყარდება. ამის შესახებ ქვეყნის ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.

მისი თქმით, „შრომის ბაზარი პანდემიის ეპოქის უკიდურესობის შემდეგ გაცივდა და მრავალი თვალსაზრისით კრიზისამდელი ჯანსაღი პერიოდის დონეს დაუბრუნდა.“

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამჟამად ორმხრივი რისკების წინაშე ვდგავართ და მხოლოდ ინფლაციაზე ფოკუსირება აღარ შეგვიძლია. მაღალი ინფლაცია არ არის ერთადერთი რისკი, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით. დიდი ხნის განმავლობაში ზედმეტად მკაცრმა პოლიტიკამ შესაძლოა, ზედმეტად შეასუსტოს ეკონომიკური აქტივობა და დასაქმება,“ - ამბობს პაუელი.

მისი თქმით, „არ სურს, კანონმდებლებს გაუგზავნოს რაიმე სიგნალი მომავალი ქმედებების ვადებზე საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით“ და ურჩევნია, მეტი ყურადღება ეკონომიკური მონაცემების ევოლუციაზე გაამახვილოს.

5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ფედრეზერვს მხოლოდ ორი დაგეგმილი სხდომა აქვს დარჩენილი. ამდენად, დემოკრატებმა პაუელი შრომის ბაზრის რისკების შესახებ გამოკითხეს, თუ საპროცენტო განაკვეთი მალე არ შემცირდება, ხოლო რესპუბლიკელებმა ინფლაციით დაზარალებულ შინამეურნეობებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც კვლავ ცენტრალური ბანკის 2%-იან მიზანზე მაღალია.

პაუელმა სენატორებს განუცხადა, რომ ინფლაცია ბოლო თვეებში გაუმჯობესდა და რომ „უკეთესი მონაცემები ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შერბილებისკენ არგუმენტებს ამყარებს.“

„მეტი კარგი მონაცემები აძლიერებს ჩვენს რწმენას, რომ ინფლაცია სტაბილურად უახლოვდება 2%-ს,“ - ამბობს პაუელი.

ანალიტიკოსების შეფასებით, პაუელის შეხედულებები „ხსნის კარს სექტემბრის დასაწყისში განაკვეთის შემცირებისთვის.“

„პაუელის აქცენტებმა ოდნავ გადაინაცვლა რისკების დაბალანსებაზე Fed-ის მანდატის ფარგლებში. Fed-ს სურს, გაუსწროს შრომის ბაზრის სისუსტეს და როგორც ჩანს, განაკვეთის სექტემბერში შემცირებას ეყრება საფუძველი,“ – აცხადებს ნიუ-იორკის კომპანია Natixis-ის მთავარი ეკონომისტი აშშ-ის საკითხებში, კრისტოფერ ჰოჯი.

ცნობისთვის: Fed-მა 2023 წლის ივლისიდან საპროცენტო განაკვეთი 5.25%-დან 5.5%-მდე შეინარჩუნა. ამასთან, დასაქმების ანგარიშის მიხედვით, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, ივნისში აშშ-ში 206,000 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა, ხოლო უმუშევრობის დონე 4.1%-ს შეადგენს, რაც, ხაზინის მდივან ჯანეტ იელენის პროგნოზით, ინფლაციის კიდევ უფრო დაწევას შეუწყობს ხელს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ