ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ხუთწლიან არაბიომეტრულ უცხოურ პასპორტს ფლობენ, ბინადრობის ნებართვებს აღარ გაუგრძელებს.
ინფორმაციას “ვიორსტკა” თავად რუსებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც პრობლემის წინაშე დადგნენ.
ივლისის დასაწყისში ჩეხეთის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში ბიომეტრული პასპორტების გარეშე შესვლა აუკრძალა. შეზღუდვა ჩეხეთში რუსეთის სადაზვერვო ოპერაციის საქმეზე გამოძიების შემდეგ დაწესდა, რომლის დროსაც გამოვლინდა, რომ მკვლელი ჯაშუშები არაბიომეტრულ პასპორტებს იყენებდნენ.
საგარეო უწყება აკრძალვას იმით ხსნის, რომ ჩვეულებრივი ხუთწლიანი უცხოური პასპორტი უფრო ადვილი გასაყალბებელია, ვიდრე ახალი სახის ბიუმეტრული დოკუმენტი.
„არ დაველოდებით მორიგ დივერსიას. ვისაც სურს ჩვენს ქვეყანაში დარჩენა, უნდა დაამტკიცოს, რომ არის ის, ვისადაც თავს ასაღებს. ამდენად, რუსებისთვის პასპორტები არაბიომეტრული მონაცემებით საკმარისი აღარ იქნება,” - აცხადებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ