TBC Capital-ის ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, საქართველოსი ეკონომიკის მაღალი ზრდა ივნისშიც ნარჩუნდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ივნისში ზრდა ორნიშნა იქნება.
„ძალზედ ძლიერია ტურისტული შემოდინებები, მიგრაციის ეფექტი კი, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში დიდწილად სტაბილურია. ასევე აღსანიშნავია, რომ საგადამხდელო ბალანსის მიხედვით, გზავნილების ანალიტიკური შეფასება, განსხვავებით მხოლოდ სწრაფი ფულადი გზავნილების სტატისტიკისაგან, გასულ წელთან შედარებით მზარდ დინამიკას აჩვენებს.
პირველი კვარტლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-თან ფარდობა 5%-ით განისაზღვრა, რაც, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, 2.7%-ის შესაბამისია და ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნიშნულია.
ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალშიც სულ მცირე ანალოგიური დინამიკა დაფიქსირდება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
მიმოხილვის მიხედვით, ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია შეინიშნება.
„თიბისი კაპიტალის გაცვლითი კურსის პროგნოზირების ჩარჩოს მიხედვით, საბაზო სცენარი უფრო ნეიტრალურია. საკუთრივ, წმინდა სავალუტო შემოდინებები ძლიერია, თუმცა, ტრადიციულად, გაცვლით კურსზე სენტიმენტები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.