ჩიპების გლობალური გაყიდვები ყოველთვიურად იზრდება

ჩიპების გლობალური გაყიდვები მაისში წლიური თვალსაზრისით 13,9%-ით, 49,15 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, მაშინ, როცა აპრილში გაყიდვები 4.1%-ით იყო გაზრდილი.

ამის შესახებ ნახევარგამტარების ინდუსტრიის ასოციაციის (SIA) ანგარიშში წერია.

SIA-ს პრეზიდენტისა და აღმასრულებელ დირექტორ ჯონ ნიუფერის განცხადებით, „წელს ნახევარგამტარების გლობალური ბაზარი წლიური თვალსაზრით ყოველთვიურად იზრდება, ხოლო მაისში გაყიდვები 2022 წლის აპრილიდან მოყოლებული ყველაზე მეტად გაიზარდა.“

კერძოდ, აშშ-ში მაისში გაყიდვები, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, 43,6%-ით, ჩინეთში 24,2%-ით, აზია-წყნარი ოკეანისა და სხვა რეგიონებში 13,8%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა ევროპაში მაჩვებელი 9,6%-ით, ხოლო იაპონიაში 5,8%-ით შემცირდა.

რაც შეეხება თვიურ სხვაობას, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აპრილთან შედარებით, მაისში გაყიდვებმა 6,5%-ით, იაპონიაში 1,6%-ით, ჩინეთში 5%-ით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 3%-ით მოიმატა, ხოლო ევროპაში ისევ, ამჯერად, 1%-ით შემცირდა.

ცნობისთვის: SIA-ში ნახევარგამტარების ინდუსტრიის წარმომადგენლების 99%-ს ამერიკელები, ხოლო, დაახლოებით, 66%-ს სხვა ქვეყნების მწარმოებლები წარმოადგენენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ