პერსონალური კომპიუტერების გლობალური მიწოდება ზედიზედ მეორე კვარტალია, იზრდება

პერსონალური კომპიუტერების გლობალური მიწოდება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 3%-ით გაიზარდა, რაც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერილ მოწყობილობებზე მოთხოვნის ზრდით არის გამოწვეული.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კერძოდ, ივნისში დასრულებულ მეორე კვარტალში პერსონალური კომპიუტერების მიწოდებამ 64,9 მლნ ერთეულს მიაღწია, ხოლო მწარმოებლებს შორის ყველაზე დიდ ზრდას Apple ავლენს.

ბაზრის კვლევის კომპანია International Data Corporation-ის (IDC) მონაცემებით, Apple-ის კომპიუტეერების მიწოდება, 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 20,8%-ით გაიზარდა, რაც კომპიუტერების გლობალურ მწარმოებლებს შორის ყველაზე დიდი ზრდაა. Apple-ს 13,7%-იანი ზრდით Acer Group მოჰყვება.

კოვიდპანდემიით გამოწვეული დაცემის შემდეგ პერსონალური კომპიუტერების ბაზარი აღდგენის პროცესშია. ჯგუფ IDC Worldwide Device Trackers-ის ვიცე-პრეზიდენტი, რაიან რეიტი ამბობს, რომ ზედიზედ ორ კვარტალში ზრდა, ასევე, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა და კომერციული განახლების ციკლი ზუსტად ის გარემოებებია, რაც პერსონალური კომპიუტერების ბაზარს სჭირდება.

თუმცა მაგიდის კომპიუტერების უმსხვილეს მომხმარებელ ჩინეთში სისუსტე გრძელდება, რამაც მოწყობილობების გლობალურ გაყიდვებზე გავლენა მოახდინა. კერძოდ, გლობალურ ბაზარზე, განსაკუთრებით, ჩინეთში პერსონალური კომპიუტერების პოპულარობა ლეპტოპების სასარგებლოდ იკლებს.

IDC-ის Worldwide Mobile Device Trackers-ის კვლევის მენეჯერი, ჯიტეშ უბრანი ვარაუდობს, რომ ჩინეთში სირთულეების მიუხედავად, წელს აღდგენა გაგრძელდება, რადგან წლის ბოლოსთვის დახლებზე ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალი პერსონალური კომპიუტერები გამოჩნდება, ხოლო კომერციული მყიდველები პანდემიის დროს შეძენილი კომპიუტერების განახლებას იწყებენ.

IDC-ის შეფასებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპიუტერებზე მოთხოვნილების დაცემას ეკონომიკურმა ლანდშაფტმაც შეუწყო ხელი. კერძოდ, მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა და მდგრადმა ინფლაციამ ბიზნესსა და მომხმარებლებს სისტემის განახლება შეაჩერებინა.

ცნობისთვის: IDC-ის მონაცემებით, მიმდნიარე წლის პირვლ კვარტალში პერსონალური კომპიუტერების ბაზარი 59.8 მლნ ერთეულის მიწოდებით, წინა წელთან შედარებით, 1.5%-ით გაიზარდა და და პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა. როგორც ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, ასევე, ევროპაში პირველ კვარტალში ბაზრის აღდგენის გააქტიურება მეტწილად ინფლაციის შემსუბუქებამ განაპირობა. კვლევითი კომპანია Canalys-ის მიერ მარტში გამოქვეყნებული პროგნოზით, წელს აშშ-ში პერსონალური კომპიუტერების ბაზარი 7%-ით, 2025 წელს კი 10%-ით გაიზრდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ