ოთო აბესაძე: საკმარისია ერთი საეჭვო ტრანსფერი და მომენტალურად დავემშვიდობებით „სვიფტს“

„საქართველო ვერასოდეს ვერ გახდება ე.წ. აზიური ფულის „შვეიცარია“ იმიტომ, რომ ე.წ. აზიურ ფულს ყველაზე მეტად დოლარი და ევრო ჭირდება“, - ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც აბესაძე აღნიშნავს, რუსეთისთვის, ჩინეთისა და ირანისთვის საქართველო მხოლოდ იმ მოცემულობით არის მიმზიდველი, როდესაც ქვეყანას აქვს „სვიფტი“ და შეუძლია დოლარის, ევროს, ფუნტის ლეგალური მონეტიზაცია.

„ზემოთაღნიშნული ქვეყნები არიან სანქცირებულები და მათთვის იდეალური „ფულის სამრეცხაო” არის საქართველო, სადაც მოახდენენ საკუთარი ფულის და აქტივების მონეტიზაციას.

თუ ვინმეს სჯერა, რომ დოლარის და ევროს შემქმნელები (აშშ და ევროკავშირი) ფინანსურ შავ ხვრელს დაუშვებენ, ძალიან ცდებიან. საკმარისია ერთი საეჭვო ტრანსფერის გატარება და მომენტალურად დავემშვიდობებით „სვიფტს“ და სხვა საერთაშორისო ფინანსურ სიკეთეს.

საქართველო ევროპისა და აშშ-ს გარეშე ჩვეულებრივი ტვირთი გახდება რუსეთ-ჩინეთისთვის და ცხადია ისინი ჩვენს “რჩენას” არ აპირებენ“, - წერს ოთო აბესაძე.

მერი ტაბატაძე