სტეფანწმინდაში, ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციისთვის ამ დრომდე 5.012 მლნ ლარია დახარჯული.
ამის შესახებ აღნიშნულია bpn-ის კითხვის საპასუხოდ, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოგზავნილ პასუხში.
თანხის უდიდესი ნაწილი, კერძოდ 80% გამოიყო მსოფლიო ბანკის მიერ, ხოლო დარჩენილი 20% დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
როგორც bpn-ს უწყებაში განუცხადეს, მუზეუმის შენობების და ტერიტორიის რეაბილიტაცია/რესტავრაციის ძირითადი სამუშაოები 2024 წლის წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.
რაც შეეხება მუზეუმის აღჭურვას, მიმდინარე წლის ოქტომბრამდეა დაგეგმილი. მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, აღნიშნული დამოკიდებულია „სატენდერო პროცედურებზე".
აღსანიშნავია ისიც, რომ მუზეუმის აღჭურვისთვის გასულ თვეში 10-ზე მეტი ტენდერი გამოცხადდა. ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 6.57 მილიონ ლარს აჭარბებს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ამ თანხით განხორციელდება მუზეუმისთვის საფონდო ინვენტარის, სტელაჟების, საფონდო საცავის აღჭურვის, საგამოფენო ვიტრინების, საგამოფენო სივრცის სანათების, დიდაქტიკური აპარატის ბეჭდვითი პროდუქციის, ავეჯის, მცირე ზომის ნივთების შესყიდვა. ამასთანავე, დაგეგმილია გარე სივრცის მოწყობა.
შეგახსენებთ, სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ფაზა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, ხოლო მეორე ფაზის დასაწყებად ტენდერები 2019 წლიდან გამოცხადდა.