„გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, ივნისში დაფიქსირდება ზრდის მაღალი მაჩვენებლები.
„გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, ველოდებით ძალიან კარგ ტურისტულ სეზონს. პირველი ორი კვარტლის არსებული მონაცემებიც არის დამაიმედებელი. ასეთ პირობებში, გვაქვს ყველანაირი წინაპირობა, რომ წელს შარშანდელზე უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები დაფიქსირდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანვე ისაუბრა ეროვნულ ვალუტაზეც და თქვა, რომ რყევების შემდეგ, ლარის კურსი პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა.
„ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. როგორც მოგეხსენებათ ჩვენ გვქონდა მოკლევადიანი რყევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და ეფექტური მართვის წყალობით ლარის კურსი ძალიან მალე დაუბრუნდა, პრაქტიკულად, პირვანდელ ნიშნულს“, - ამბობს კობახიძე.