„თუ საქართველოს მიმართ გატარდა სანქციები, ანაკლიის პორტში ერთი აგურიც არ დაიდება“, - ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.
როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, წაგებულ ბიზნესში ფულს არავინ ჩადებს. ანაკლიის პორტს კი ჩინეთი იმ შემთხვევაში ააშენებს, თუ პორტიდან გასულ ტვირთს საერთაშორისო გადაზიდვები მოემსახურება.
„ანაკლიის პორტს ჩინელები მხოლოდ იმ შემთხვევაში ააშენებენ, თუ ანაკლიიდან გასულ ტვირთს მოემსახურება საერთაშორისო გადამზიდები და მიიღებს აშშ და ევროკავშირი. თუ არ მიიღო ეს ტვირთი და საქართველოს მიმართ გატარდა სანქციები, ანაკლიის პორტში უბრალოდ ერთი აგურიც არ დაიდება. არავინ ჩადებს წაგებულ ბიზნესში ფულს.
ნეიტრალური, შვეიცარიის მოდელი და ა.შ ყველაფერი არის აბსურდი. შვეიცარია იმიტომ არის ნეიტრალური, რომ მის უსაფრთხოებაზე პასუხს აშშ და ევროკავშირი აგებს. მანდ ინახება ევროც და დოლარიც, დამიჯერეთ ჩინური იენის და რუბლის შენახვაში გარანტიას ვერავინ მოგვცემს.
საქართველოს კეთილდღეობა აშშ-ს და ევროკავშირის, დოლარის და ევროს გარეშე წარმოუდგენელია“, - აღნიშნავს ოთო აბესაძე.