ყავის მსოფლიო ფასმა ორწლიანი მაქსიმუმი განაახლა

ყავა არაბიკა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 2022 წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტად გაძვირდა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

კერძოდ, 9 ივლისს გამართული ვაჭრობის შედეგად არაბიკას ფიუჩერსები 1,5%-ით გაძვირდა და ფუნტზე 2,46 დოლარი შეადგინა.

ფასის ზრდა რობუსტას ჯიშის შედარებით იაფი ყავის დეფიციტის ფონზე არაბიკას მარცვალზე მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა. წელს რობუსტას წარმოება ვიეტნამსა და ინდონეზიაში ანომალიური სიცხეების გამო საგრძნობლად შემცირდა.

რობუსტას ფიუჩერსები მიმდინარე კვირას 2008 წლიდან მოყოლებული უმაღლეს დონემდე გაიზარდა, რის გამოც, ექსპერტების პროგნოზით, არაბიკას ფასიც „საკმაოდ მაღალი“ დარჩება.

ცნობისთვის: მეორე კვარტალში ყავის მსოფლიო ფასმა აზიური გვალვების გამო კიდევ 18-20%-ით მოიმატა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ