ინტერნეტთაღლითების 3 ახალი მახე, რომელშიც  მარტივად შეიძლება გაებათ - არ ენდოთ მიმზიდველ დაპირებებს, დაიცავით თქვენი პირადი მონაცემები

„გამოიმუშავე ათასობით ლარი სახლიდან გაუსვლელად“, „თქვენი გზავნილის მიწოდება შეუძლებელია არასწორი ინფორმაციის გამო, შეიყვანეთ სწორი მისამართი“, „შეიძინეთ 5 000 GB 1 ლარად“ - ეს და სხვა მიმზიდველი დაპირებები ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად გვხვდება ინტერნეტში და ბევრი უკვე SMS-ის სახითაც კი ვიღებთ. ზოგიერთი მათგანი იმდენად რეალურად გამოიყურება, რომ ყველაზე ინფორმირებულ პირსაც კი შეიძლება იმპულსურად არასწორი გადაწყვეტილება მიაღებინოს, რაც ინტერნეტთაღლითების მიერ თანხების სრულად მითვისებით მთავრდება.

წლებია, ინტერნეტთაღლითები მოქმედებენ ისეთი სქემებით, როგორიცაა გათამაშებებში დიდი თანხის ან ძვირადღირებული ტექნიკის მოგების შესაძლებლობა; Mymarket-ზე, უძრავი ქონებისა და სხვა ელ. კომერციის პლატფორმაზე ნივთის „შეძენის“ მცდელობა, რაც მსხვერპლის მიერ საბანკო მონაცემების გაზიარებით სრულდება და ა.შ. აღნიშნულ მეთოდებს დაემატა 3 კიდევ უფრო „დახვეწილი“ სქემა, რომლისგან თავის დასაცავად მეტი ყურადღება გვესაჭიროება.

გიზიარებთ აღნიშნულ მეთოდებს:

1. თაღლითისთვის მოწყობილობაზე დისტანციური წვდომის მიცემა Anydesk-ისა და სხვა აპლიკაციების მეშვეობით

მომხმარებლები სხვადასხვა სოციალურ ქსელში აწყდებიან ისეთ მომხიბვლელ შეთავაზებებს, როგორიცაა: ინვესტიციების განხორციელება მაღალი უკუგების სანაცვლოდ; დასაქმება მაღალი ანაზღაურებით, (რომელიც არ არის საოფისე საქმე და დიდ დროით რესურსს არ მოითხოვს) და კრიპტო ბირჟაზე ვაჭრობა დიდი მოგების დაპირებით.

მომხმარებლის მხრიდან ინტერესის გამოხატვის შემდეგ ინტერნეტთაღლითი მას სხვადასხვა არხით უკავშირდება (Messanger-ი, Watsapp-ი, Viber-ი TELEGRAM და სხვა), უწევს ე.წ. კონსულტაციას, „ასწავლის“, როგორ ივაჭროს აქციებით, როგორ ჩაერთოს პროცესში. შემდეგ სთავაზობს აპლიკაციის დაყენებას, რათა დისტანციურად გაუწიოს მხარდაჭერა და ასე გაუმარტივოს პროცესი. ამისთვის იყენებენ დისტანციურად სხვა მოწყობილობაზე წვდომის პროგრამას, როგორიც არის ენიდესკი (Anydesk), მაგრამ შესაძლებელია, იყოს სხვაც, მათთვის მთავარია, რომ მომხმარებელმა მესამე პირთან შეძლოს ეკრანის გაზიარება. რიგ შემთხვევებში, კომუნიკაციამ შესაძლოა დღეებიც გასტანოს, რათა მსხვერპლის ნდობა მოიპოვონ. ყოფილა შემთხვევები, რომ საწყის ეტაპზე, მომხმარებელს რამდენიმე ათეულ დოლარსაც კი ურიცხავენ, თითქოს ეს განხორციელებულ ინვესტიციაზე ამონაგებია.

როდესაც ინტერნეტთაღლითი მიზანს მიაღწევს, ნდობას მოიპოვებს და „მომხმარებელს“ დისტანციური კონტროლის აპლიკაციას დააყენებინებს, უკვე თავად იწყებს მის მოწყობილობაში ყველანაირი ოპერაციის განხორციელებას.

რიგ შემთხვევებში, სთხოვენ ხოლმე, რომ მომხმარებელმა ტელეფონი რამდენიმე წუთის განმავლობაში საერთოდ არ გამოიყენოს და ა.შ. საბოლოოდ, თაღლითები ისაკუთრებენ ანგარიშზე არსებულ თანხებს.

ასევე, თუ დასაქმებას გთავაზობენ, რაც საკმაოდ ხშირია განსაკუთრებით პოსტების კომენტარებში, თავად გადით კავშირზე კომპანიასთან, რომლის სახელითაც გესაუბრებიან და გადაამოწმეთ ვაკანსიის რეალურობა. ხშირად გვხვდება ყალბი დასაქმების შესაძლებლობა სხვადასხვა ცნობილი კომპანიის სახელით, რითაც ინტერნეტმომხმარებლები შეცდომაში შედიან ხოლმე. როგორც წესი, შეთავაზება არის დაუჯერებლად მიმზიდველი, რამაც ეჭვი უნდა აღძრას. ამ შემთხვევაშიც, თაღლითები ითხოვენ დისტანციური მართვის აპლიკაციის ჩამოტვირთვასა და დაყენებას, შემდეგ კი ეკრანის გაზიარებას.

მომხმარებელი არ უნდა ენდოს მათ საეჭვო შემოთავაზებებსა და მოთხოვნას, სმარტფონზე, კომპიუტერსა თუ სხვა მოწყობილობაზე მისცეს წვდომა და უნდა დაიცვას თავისი პირადი მონაცემები.

2. გადამზიდის სახელით მოსული ყალბი SMS შეტყობინებები ამანათების შესახებ

შეიძლება ითქვას, რომ ეს სქემა ერთ-ერთი ყველაზე „დახვეწილი“ და რთულია ამოსაცნობად. მობილური ოპერატორების მომხმარებლებს სმარტფონზე მოსდით SMS შეტყობინებები, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩამოვიდა მათი ამანათი, თუმცა გაურკვეველი უზუსტობის გამო პროცედურები შეფერხდა. თაღლითები ითხოვენ, SMS-ში არსებულ ბმულზე გადასვლით გაასწორონ აღნიშნული უზუსტობა, შეიყვანონ თავიანთი საბანკო მონაცემები მომხმარებელიც გადადის მოცემულ ბმულზე, რომლის გზაც ორად იყოფა: ან მიჰყავხართ ბარათის მონაცემების შეყვანამდე, ან დისტანციური არხის მონაცემების შეყვანამდე.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შინაარსის მატარებელი შეტყობინებები იგზავნება სხვადასხვა ტელეფონის ნომრიდან და თაღლითების მახეში საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ებმება, რადგანაც ამ პერიოდში რეალურად შეიძლება გქონდეს ამანათი გამოწერილი, დეტალებს აღარ დააკვირდე და იმპულსურად შეიყვანო პირადი მონაცემები.

ამგვარი შემთხვევისგან თავის დასაცავად, ამანათთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა გადავამოწმოთ იმ გადამზიდთან, რომელიც იმ პერიოდისთვის გვემსახურება.

3. მეგაბაიტებისა და სამგზავრო ბარათების დაუჯერებელი ფასდაკლებით შეძენის შესაძლებლობა

მეგაბაიტების შეღავათიან ფასში შეძენის შეთავაზება „ინსტაგრამზე“ დასპონსორებულ „სთორებში“ გვხვდება, რა დროსაც ბმულზე გადასვლას და შემდეგ მონაცემების გაზიარებას ითხოვენ.

სამგზავრო ბარათებთან დაკავშირებული სქემა კი აქტიურია როგორც „ფეისბუქზე“, ისე SMS შეტყობინების სახით. „ფეისბუქზე“ მომხმარებელს სთავაზობენ, ბარათი შეიძინონ სულ რაღაც 1 დოლარად ან მათ ნაწილს მერიის სახელით მისდით ტელეფონზე შეტყობინება აქციის შესახებ, რის შემდეგაც ხდება პირადი ინფორმაციის გაზიარება ისეთ აპლიკაციებში, როგორიცაა Whatsapp, Viber, Messanger და Telegam.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თაღლითებისგან თავის დაცვის მთავარი ბერკეტი ჩვენს ხელშია: უნდა გადავამოწმოთ შეთავაზების რეალურობა, ჩვენი ბარათის მონაცემები არ უნდა გავუზიაროთ მესამე პირს. ამასთან, რამდენად სანდოდაც არ უნდა გვეჩვენებოდეს შესაძლებლობა, არ უნდა მივცეთ წვდომა ჩვენს მოწყობილობაზე მესამე პირს, რადგან არცერთი საინვესტიციო აქტივობა თუ ტრანზაქცია რეალურად ამგვარ ქმედებას არ მოითხოვს.

დავიცვათ ჩვენი პირადი მონაცემები და თავი დავიზღვიოთ მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალის მიღებისგან.