„განსაკუთრებით გაზრდილია სკოლის ექსკურსიები“ - რაბათის ციხეში ვიზიტები 22%-ით გაიზარდა

2024 წლის ექვს თვეში რაბათის ციხის ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 22%-ით გაიზარდა. როგორც bpn-ს რაბათის ციხის დირექტორმა, ზაზა თამარაშვილმა განუცხადა, აქვს მოლოდინი, რომ მზარდი ტენდენცია წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„ადგილობრივებს შორისაც არის მატება, ასევე, უცხოელ ვიზიტორებს შორის. წელს განსაკუთრებით გაზრდილია სკოლის ექსკურსიები ჩვენთან, ასეთი რაოდენობა წინა წლებში არ გვქონია. ასევე, მატება არის საერთაშორისო ვიზიტორების კუთხითაც“, - განაცხადა ზაზა თამარაშვილმა.

რაც შეეხება მონაცემებს, მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე რაბათის ციხის კომპლექსს 62 371 ვიზიტორი ესტუმრა მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში ვიზიტორთა რაოდენობამ 50 951-ს მიაღწია.

მიმდინარე წელს ვიზიტორების უმეტესობა, კერძოდ, 41 420 პირი, საქართველოს მოქალაქე იყო, 20 951 კი უცხოელი ვიზიტორი. 2023 წელთან შედარებით გაზრდილია როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს 32 390 ვიზიტორი - ქართველი, 18 561 კი უცხოელი იყო.

მერი ტაბატაძე