„კონჭო და კომპანია“ მიმდინარე წელს ღვინის წარმოების ზრდას ელოდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, თამაზ კონჭოშვილი bpn-თან აცხადებს, გასულ წელთან შედარებით, წელს უფრო მეტი ღვინის წარმოება იგეგმება.
კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ წარმოებული ღვინო ძირითადად ევროპის ბაზრებზე გადის ექსპორტზე. კონჭოშვილის თქმით, დაახლოებით 30%-ით გაზარდეს ქართული ღვინის ექსპორტი გერმანიაში.
„წელს ველოდებით, რომ ღვინის წარმოება უკეთესი იქნება. „კონჭოდან“ ქართული ღვინო გადის ყველა მიმართულებით, მაგრამ ძირითადად ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში. გერმანია არის ჩვენი ძირითადი ბაზარი. ყველგან თითქმის ერთი და იგივე ფასი აქვს ღვინოს. შედარებით მაღალ ფასებში ვყიდით, „კონჭო კომპანიის“ ღვინოები არის მაღალი ხარისხის და დაბალ ფასში ვერ გავყიდით. ფასი 3 ევროს ფარგლებში მერყეობს“, - აღნიშნავს კონჭოშვილი.
Bpn-ი უკვე წერდა, რომ საქართველოდან ჩინეთში ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი 42%-ით შემცირდა. გასული წლის იანვარ-მაისში ჩინეთში ექსპორტირებულია 5.107 მლნ დოლარის ქართული ღვინო, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 2.962 მლნ დოლარის. საქსტატიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია ხუთი უმსხვილესი კომპანიის შესახებ, ვისაც ჩინეთში ქართული ღვინო გააქვს. „კონჭო და კომპანია“ აღნიშნულ კომპანიებს შორისაა.
კონჭოშვილიც აღნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით, ჩინეთში შემცირებულია ღვინის ექსპორტი. მისი თქმით, ჩინეთის ბაზრებზე ექსპორტი პანდემიის მერე მცირდება.
„რაც შეეხება ჩინეთს, ზოგადად ამ მიმართულებით შემცირდა ღვინის ექსპორტი. კოვიდის შემდეგ დავარდა ყველგან და ჩინეთშიც ასე მოხდა და შენარჩუნდა. რუსეთში არ გვაქვს თითქმის გატანილი, ავირჩიეთ ევროპა“, - განაცხადა თამაზ კონჭოშვილმა.