რუსეთის ანტიმონოპოლიური ფედერალური სამსახური აგვისტოდან ბენზინის ექსპორტზე დროებითი ნებართვის გაუქმებასა და აკრძალვის აღდგენას მოითხოვს. ინფორმაციას „კომერსანტი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასეთი პოზიცია ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გამართულ შტაბის სხდომაზე გამოითქვა, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ალექსანდრ ნოვაკი ხელმძღვანელობდა.
„კომერსანტის“ თანამოსაუბრეების ცნობით, ანტიმონოპოლიური სამსახურის მოთხოვნას ნოვაკმაც მხარი დაუჭირა. გამოცემას „ანტიმონოპოლიურშიც“ დაუდასტურეს, რომ 1-ლი აგვისტოდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვის დაბრუნებას მოითხოვენ. სამსახურის ცნობით, ექსპორტზე დროებითი ნებართვის გაგრძელებაზე, რომელიც ივლისის ბოლომდე მოქმედებს, საუბარი არ მიმდინარეობს.
„საწვავის ექსპორტის შეზღუდვა ხელს შეუწყობს შიდა ბაზრის გაჯერებას გაზრდილი მოთხოვნის პერიოდში, რაც, მათ შორის, საველე სამუშაოებსა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაგეგმილ რემონტს უკავშრდება. შეზღუდვის აღდგენა, ასევე, უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობასა და საწვავის ხელმისაწვდომობას ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის,“ - აცხადებს ანტიმონომოპოლიური სამსახური.
ცნობისთვის: მარტში რუსეთის რამდენიმე უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ქვეყანაში ბენზინის წარმოება შემცირდა. ამის გამო ფედერაციის მთავრობამ 1-ლი მარტიდან რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა ექვსთვიანი ვადით, ანუ აგვისტოს ბოლომდე დააწესა, რომ საწვავის დეფიციტი თავიდან აეცილებინა. თუმცა შიდა ბაზრის გაჯერების ფონზე და გადამამუშავებელ ქარხნებში მარაგის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად აკრძალვა ჯერ 20 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, შემდეგ კი ივლისის ბოლომდე მოიხსნა. აკრძალვა არ ეხება საერთაშორისო სამთავრობათაშორისო შეთანხმებების ფარგლებში, მათ შორის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში მიწოდებებს, ასევე, მოქალაქეების მიერ პირადი სარგებლობისთვის და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის ექსპორტირებულ საწვავს. ამდენად, მთავრობას შეზღუდვის დაწესების უფლება აგვისტოშიღა დარჩა.
„კომერსანტი“ წერს, რომ „ანტიმონოპოლიურის“ მოთხოვნა ბენზინზე გაცვლითი ფასების მუდმივი ზრდის ფონზე გაჩნდა, რამაც ივლისში მიმდინარე წლის ახალ მაქსიმუმს მიაღწია. გამოცემის თანამოსაუბრეების ცნობით, ფასები ნავთობკომპანიების მიერ საწვავის გაყიდვის შემცირებისა და მოთხოვნის ზრდის გამო იზრდება. კერძოდ, ნავთობკომპანიებმა ივლისში ბენზინის წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა და საწვავზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ მოახერხეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ