„ხმაურით დაბინძურება არანაკლებ მძიმეა ჰაერით დაბინძურებაზე - ჯარიმა უნდა იყოს ძალიან დიდი“

ხმაურით დაბინძურება არანაკლებ მძიმეა ჰაერით დაბინძურებაზე - ჯარიმა უნდა იყოს ძალიან დიდი - ამის შესახებ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა ხმაურით გამოწვეულ ზიანსა და სანქციებზე რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ისაუბრა.

„ხმაური ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი უსერიოზულესი პრობლემაა. ერთი შეხედვით, ეს არის უპასუხისმგებლობა, ასევე არის უცოდინრობა, რადგან არ იციან, რა ზიანი ადგება გარემოს, როცა სპეციალურად უძლიერებ ხმას ტრანსპორტს და ყურადღებას იქცევ. არადა, ამ დროს უზიანებ ჯანმრთელობას ბავშვებს, მოსახლეობას არ აძლევ ძილის საშუალებას, მოხუცების კეთილდღეობაზე არ ზრუნავ და ზოგადად, ყველას ჯანმრთელობას აყენებ ზიანს. შეიძლება ეს იცი და მაინც აკეთებ. ეს უკვე სხვა პრობლემაა“ - განაცხადა მესხიშვილმა.

მისი თქმით, ხმაურზე ჯარიმა რაც შეიძლება მაღალი უნდა იყოს.

„აუცილებლად უნდა ისჯებოდნენ კანონის მკაცრი ზომით ადმინისტრაციული სანქციებით და ჯარიმა უნდა იყოს ძალიან დიდი. ხმაურით დაბინძურება არანაკლებ მძიმეა ჰაერით დაბინძურებაზე. იყო ამაზე რამდენჯერმე დაწყებული ინიციტიავა ჯარიმების შესახებ და ეს საქმე აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს“ - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

ეკა დარჩიაშვილი