თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის უფლების დაშვება იგეგმება, გარდა სამთვლიანი მოპედისა. რამდენად განტვირთავს ეს დედაქალაქს საცობებისგან, ამ თემაზე ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ისაუბრა.
„ჩვენს რეალობაში ავტობუსის ზოლი საკმაოდ დატვირთული გახდა, არამარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არამედ სხვა სატრანსპორტო საშუალებითაც, მათ შორის დიპლომატიური მანქანების, პოლიციის - აქ არ ვგულისხმობ კონკრეტული ოპერაციის შესრულებას, არამედ ხშირად უბრალოდ დასეირნობს პოლიცია. როდესაც ბასლაინზე ე.წ. "ნარუშილოვკიანი“ ადამიანები მშვიდად დასეირნობენ, ეს არ არის სასიამოვნო და ქალაქის მთავარ ამოცანას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს პრიორიტეტული, ამას ხელს უშლის“, - განაცხადა მესხიშვილმა.
მან განაცხადა, რომ თავის დროზე ბასლაინში ტაქსების დაშვების წინააღმდეგიც იყო.
„სხვათა შორის, მე ბასლაინში ტაქსების დაშვების წინააღმდეგიც ვიყავი, რადგან ისინი ხელს უშლიან ავტობუსის შეუფერხებლად მოძრაობას. რეალურად, ავტობუსები გაჩერებიდან გაჩერებამდე შეუფერხებლად ვერ დადიან და ეს არის მთავარი პრობლემა. მოპედების შემთხვევაში, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათ სიმრავლეს, უნდა დაიკლოს ჯიპებმა და ნაკლებ გაბარიტებიანმა ტრანსპორტმა მოიმატოს“ - განაცხადა დავით მესხიშვილმა.