დიმიტრი ქუმსიშვილი: პირველ რიგში, გვინდა, რომ სტიქიით დაზარალებულებს რაც შეიძლება მალე ახალი საცხოვრებელი ჰქონდეთ

პირველ რიგში, გვინდა, რომ სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს რაც შეიძლება მალე ახალი საცხოვრებელი ჰქონდეთ, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "პალიტრა ტვ"-ის ეთერში გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.  რაც შეეხება მტაცებელი ცხოველების კუთხით არსებულ ვითარებას, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სამწუხაროდ, ამ წუთის მდგომარეობით, ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი ნაპოვნი არ არის. "შესაბამისად, გრძელდება მათი საძიებო ქმედებები და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ან ცოცხალს, ან მათ ლეშს ვიპოვნით", - განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, სიფრთხილე აუცილებელია და უნდა ვერიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც შეიძლება, ცხოველი იყოს.

როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, გუშინ შუადღიდან დაწყებულია აქტიური მუშაობა განსახლებასა და განსახლების წესების შემუშავებაზე.  "ამჟამად ვმუშაობთ განსახლების იმპლემენტაციის გეგმაზე, სავარაუდოდ, შაბათ-კვირის მანძილზე ჩვენ ეს გეგმა უნდა დავასრულოთ. პრობლემა კომპლექსურია. არ არის მარტივი, თუმცა რიგითობის მიხედვით, პირველ რიგში, დაკმაყოფილდებიან ის ადამიანები, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ. ეს ადამიანები დღეს განთავსებულები არიან ზოგი სასტუმროში, ზოგი - ნაქირავებში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სახსრები მობილიზებულია, ჩვენც ყველანაირად ამის მზაობა გაგვაჩნია, პირველ რიგში, გვინდა, რომ ამ ადამიანებს რაც შეიძლება მალე ახალი საცხოვრებელი ჰქონდეთ. შესაბამისად, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება უნდა მოხდეს და უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე წესი. განსახლება თავის თავში გულისხმობს არა მარტო იმას, რომ ჩვენ ამ ადამიანებს როგორც დაზარალებულებს უნდა შევუძინოთ საცხოვრებელი ფართი, რომელიც სულადობაზე, სოციალურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, არამედ ისიც, რომ იქ არის გარკვეული ნაკვეთები, სადაც ცხოვრება არასდროს იქნება შესაძლებელი და ამასთან მიმართებაშიც გადაწყვეტილებები იქნება მისაღები", - განაცხადა ქუმსიშვილმა.