რუსეთსა და აფხაზეთს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას "გაზეტა.რუ" ჩრდილოეთ კავკასიის სამგზავრო მატარებლების კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს. "რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის მოთხოვნის შესაბამისად, 2015 წლის 20 ივნისიდან ყოველდღიურად ივლის სამგზავრო მატარებელი ქალაქ ადლერსა და გაგრას შორის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ადლერსა და გაგრას შორის სულ 40-კილომეტრიანი მანძილია. მგზავრობის ღირებულება 200 რუბლია. აღნიშნულ რეისს სამი მატარებელი შეასრულებს, რომელთაც ერთდროულად 232 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. მატარებლები დილით, შუადღით, საღამოს და ღამის საათებში ივლიან.