2024 წლის იანვარ-მაისში უკრაინაში ქართული ნატურალური ღვინის ექსპორტი წლიურად მცირედით, 0.26%-ით შემცირდა. კერძოდ, მიმდინარე წელს უკრაინაში ექსპორტირებულია 4.983 მლნ დოლარის ქართული ღვინო, შარშან იმავე პერიოდში კი 4.996 მლნ დოლარის. რაც შეეხება ფასს, წლიურად 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი უკრაინაში დაახლოებით 2.8 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
დავინტერესდით კომპანიებით, რომლებიც უკრაინაში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებენ. საქსტატის მიერ bpn-ის კითხვის საპასუხოდ გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის პირველ ხუთ თვეში უკრაინაში ღვინო შემდეგმა კომპანიებმა გაიტანეს: სს „თელიანი ველი“, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, შპს „კორპორაცია ქართული ღვინო“, შპს „საქართველოს ველები“ და შპს „ქართული ვაზი მარანი“.
bpn-ი სამეწარმეო რეესტრის ბოლო მონაცემების მიხედვით, გთავაზობთ, ვის ეკუთვნის ჩამოთვლილი კომპანიები:
- „თელიანი ველი“ - დარეგისტრირდა 1997 წელს, დირექტორი თეიმურაზ ჯანყარაშვილია. Reportal.ge-ზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლისა და 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „კომპანიის მშობელი საწარმო არის საჯარო სააქციო საზოგადოება Georgia Capital-ი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მდებარეობს და შესულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე“.
- „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ - რეგისტრირებულია 2001 წელს, მისი დირექტორი ზურაბ ჩხაიძეა. კომპანიის წილებს სრულად ჩხაიძე განკარგავს.
- „კორპორაცია ქართული ღვინო“ - 2005 წელს დარეგისტრირდა. დირექტორის პოზიციას ნათია გაგნიძე იკავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის წილებს სრულად ფლობს დიმიტრი ნოზაძე, რომელსაც ორმაგი, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს.
- „შპს საქართველოს ველები“ - რეგისტრირებულია 2019 წელს. კომპანიის დირექტორები ზურაბ და გიორგი მარგველაშვილები არიან, რომლებიც კომპანიის წილების 50-50%-ს ინაწილებენ.
- „შპს ქართული ვაზი მარანი“ - რეგისტრირებულია 2022 წელს, კობა მკალავიშვილი იკავებს კომპანიაში დირექტორის პოზიციას. წილების 100%-საც მკალავიშვილი განკარგავს.
შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.