„აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - ასე აფასებს bpn-თან საუბრისას ენერგეტიკოსი გია არაბიძე „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესისთვის“ აფხაზეთისთვის მიწოდებული დენის ნაწილში დაწესებულ შეღავათებს.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში მიწოდებული ელექტროენერგიის ნაწილში „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესები“ რეგულირებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდა.
ენერგეტიკოსი განმარტავს, რომ მაშინ, როცა ოკუპირებულ აფხაზეთს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება, „ენგურჰესი“ რეგულირების და კომერციული ოპერატორის მომსახურების საფასურს მაინც იხდიდა, რაც სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.
„ენგურჰესზეა“ აწყობილი მთელი საქართველოს ენერგეტიკული სისტემა. აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმიტომ, რომ ვინაიდან „ენგურჰესი“ აფხაზეთში მიწოდებული ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის საფასურს იხდიდა, ეს კი მაშინ, როდესაც აფხაზეთში მიწოდებული დენიდან ერთი თეთრიც არ შემოდის საქართველოში. ამიტომ სადგურის რეაბილიტაციისთვის, უსაფრთხო მუშაობისთვის, ეკონომიკისათვის არ იყო კარგი. კარგია, რომ დადგენილება გამოვიდა, ამით გაუმჯობესდება სადგურის ეკონომიკური მხარე“, - განაცხადა გია არაბიძემ.
შეგახსენებთ, bpn-ი წერდა იმის შესახებ, თუ რამდენს შეადგენდა თანხა, რისი გადახდისგანაც „ენგურჰესი“ გათავისუფლდა. უფრო კონკრეტულად, სემეკის ოფიციალური ვებგვერდიდან ირკვევა, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ტარიფი კვტსთ-ზე 0.019 თეთრით არის განსაზღვრული.
რაც შეეხება რეგულირების გადასახადს, „ბიზნესპრესნიუსს“ სემეკში განუცხადეს, რომ ის ჰიდროელექტროსადგურების შემოსავლების 0.3%-ს შეადგენს. ენგურჰესი (ვარდნიჰესების) 2022 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, შემოსავალი 70.039 მლნ ლარს შეადგენდა, შესაბამისად, იმ წელს კომპანიას რეგულირების გადასახადის სახით 210 117 ლარის გადახდა მოუწევდა. (2023 წლის ანგარიშგება ჯერ გამოქვეყნებული არ არის).