„უნდა გავხსნათ იაფი ბაზრები“ - გაზრდის თუ არა ცვლილებები ჩინეთიდან და ისრაელიდან მანქანების იმპორტს

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსი ნონიაძის განცხადებით, ჩინეთი და ისრაელი დაემატა იმპორტიორების ჩამონათვალს, საიდანაც საქართველოში შემოსული ევრო 5-ის სტანდარტის ავტომობილების რეგისტრაციისთვის სამინისტროს დასკვნა საჭირო აღარ იქნება. bpn-თან ნონიაძე ამბობს, რომ ცვლილებები შეეხება მწარმოებელ ქვეყნებსაც.

შეგახსენებთ, ავტოიმპორტიორებისთვის ჩინეთიდან და ისრაელიდან შემოყვანილი ევრო 5 სტანდარტის მქონე მანქანების რეგისტრაციისთვის პროცედურები მარტივდება. ცვლილებებით, ჩამოთვლილი ორი ქვეყნიდან შემოყვანილი 1 წელზე მეტის და სათანადო წელს გამოშვებული მანქანების რეგისტრაციისთვის, აღარ დასჭირდებათ სამინისტროს დასკვნა.

„უშუალოდ ვიყავით ჩართულები ამ პროცესში და დადებითად ვაფასებთ. გვქონდა საუბარი იმაზე, რომ არამარტო იმპორტირებულ, არამედ მწარმოებელ ქვეყანასაც უნდა შეეხოს ცვლილება. თუ ვთქვათ, შემოვიდა ავტომობილი დუბაიდან, წარმოებულია გერმანიაში, ამ შემთხვევაში, დუბაი ევრო 4-ის სტანდარტისაა, მაგრამ გერმანია ევრო 5-ის, ახლა უკვე მწარმოებელ ქვეყანასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება“, - განაცხადა ნონიაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა რომ ჩინეთიდან და ისრაელიდან ცვლილებების შემდეგ მანქანების იმპორტი გაიზარდოს, ნონიაძე პასუხობს, რომ ამის გადაჭრით თქმა რთულია. მიღებული ცვლილებები ემსახურება ავტომობილების მიერ გარემოზე ზემოქმედების შერბილებას. ნონიაძე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას, მხოლოდ სუფთა ჰაერზე კონცენტრირება იწვევს იაფი ბაზრების ჩაკეტვას.

„შეიძლება გაიზარდოს ამ ქვეყნებიდან იმპორტი, შეიძლება არა. როდესაც ვცდილობთ, რომ სუფთა ჰაერი გვქონდეს და სუფთა ჰაერი არის ამ გადაწყვეტილების მიზანი, ჩვენ მოსახლეობას შეიძლება, ჩავუკეტოთ იაფი ბაზრები და უფრო ძვირიანი გავუხსნათ. დაბალი მსყიდველობითი უნარის გამო, მოქალაქე ვერ შეცვლის ავტომობილს. წარმოიდგინეთ 1.6 მლნ ავტომობილი დადის, აქედან ნაწილი 10-20 წელს არის გადაცილებული, ტექინსპექტირების ასოციაციის მონაცემებით, 60% გადის მხოლოდ ტექინსპექტირებას, დანარჩენი ვერა.

ანუ გვაქვს დაბალი მსყიდველობითი უნარი და ტექინსპექტირების დაბალი მაჩვენებელი, ერთი დასკვნა უნდა მივიღოთ, რომ რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს ავტოპარკი, მაგრამ როგორ უნდა შევცვალოთ, თუ დაბალი მსყიდველობითი უნარია და ძვირიან ბაზრებს გაუხსნით? უნდა ვეძებოთ ალტერნატივა უფრო იაფი ბაზრები, რომ ეკონომიკამ თვითონ დაარეგულიროს სიტუაცია.

ტრანსპორტი ყველა დარგს ემსახურება და როგორც კი დეფიციტი შეიქმნება, ჩათვალეთ, რომ ეკონომიკის დანარჩენ სფეროებსაც პრობლემა შეექმნებათ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება სუფთა ჰაერი, მაგრამ ცალმხრივად მიდგომა არ არის მართებული. ამიტომ რაც შეიძლება იაფი ბაზრები უნდა მოვნახოთ და გავხსნათ. უნდა მოვძებნოთ ისეთი ბაზრები, რომლებიც ეკოლოგიურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს და ხელმისაწვდომია, მხოლოდ ასე შეიცვლება ავტოპარკი. სხვა შემთხვევაში, სულ პრობლემა იქნება, ვიღაც ნათხოვარი საბურავით გაივლის ტექინსპექტირებას, ვიღაც ნაწილებით ან ბენზინის ფილტრებით, ვერ მივიღებთ სუფთა ჰაერს, იმიტომ რომ, კი გაივლის დათვალიერებას, მაგრამ მოხსნის ისევ ამას და ერთჯერადი ეფექტია“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

მერი ტაბატაძე