იმისთვის, რომ პირმა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოს, ჯერ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურა უნდა აწარმოოს.
შესაბამისი განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც საკონსულო სამსახურში, ასევე ონლაინ.
ამასთან, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე განცხადების წარდგენის უფლება აქვს საქართველოს სრულწლოვან ქმედუნარიან მოქალაქეს ან არასრულწლოვანი მოქალაქის კანონიერ წარმომადგენელს, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს მიღებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი და მის შესახებ სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია.
როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განმარტავს, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველმა პირმა ვებგვერდზე უნდა შეავსოს ელექტრონული განცხადება, ატვირთოს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები, დაუკავშირდეს დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოს ნება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლასთან დაკავშირებით.
სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას მოქალაქეობიდან გასვლაზე, თუ:
მას შეუსრულებელი აქვს საქართველოს წინაშე სამხედრო ან სხვა ვალდებულება
იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ან არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც უნდა აღსრულდეს
რაც შეეხება დოკუმენტებს, და ტექნიკურ საშუალებებს, რომელიც საჭიროა ონლაინ რეჟიმში საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენისას, ჩამონათვალი ასეთია:
შენიშვნა: „უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები საჭიროებს აპოსტილი/ლეგალიზაციის წესით დამოწმებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას. დაგჭირდებათ ასევე ვებ-კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი“,- განმარტავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
მათვე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ დასკვნა მზადდება 30-ე კალენდარულ დღეს და აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენს 130 ლარს. დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადგენს: მე-20 კალენდარულ დღეს - 260 ლარს, მე-10 კალენდარულ დღეს კი - 390 ლარს.
როგორც სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო განმარტავს, მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების რეგისტრაციის შემდეგ პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ან საქართველოში ნებისმიერ ბანკში, ელექტრონული განცხადების ნომრისა და კოდის საშუალებით, ნაღდი ანგარიშსწორებით.