„საფუძლიანი მოლოდინია, რომ ქვეყანაში სავალუტო დეფიციტი შეიქმნება - ლარის გაუფასურებას სექტემბრიდან უნდა ველოდოთ“

„საქართველოში ლარის გაუფასურებას სექტემბრიდან უნდა ველოდოთ“ - ეკონომისტმა ოთო აბესაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ლარის გამყარების მიზეზებზე ისაუბრა და მისი გაუფასურების ვადებიც დაასახელა.

„საქართველოში არის იმის საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ქვეყანაში სავალუტო დეფიციტი იქნება, რადგან ევროკავშირისა და ამერიკის სანქციების ზღვარზე ვიმყოფებით და ამ რეალობაში მსხვილი ინვესტორები თავს შეიკავებენ საქართველოში თანხის აკუმულირებისგან.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მყარდება ლარი - ტურისტული სეზონია და ყოველთვის ასე იყო საქართველოში, ზაფხულში ლარი ყოველთვის მყარდებოდა, რადგან შემოდის უცხოური ვალუტა“ - განაცხადა ეკონომისტმა.

მისი თქმით, ლარი შემოდგომიდან გაუფასურდება და მან ამის მიზეზებიც დაასახელა.

„საქართველოში ლარის გაუფასურებას სექტემბრიდან უნდა ველოდოთ, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იწყებს ამუშავებას MEGOBARI აქტი, ასევე ევროკავშირის სანქციები, ამ რეალობაში უფრო უნდა მოველოდოთ გაუფასურებას. ეროვნული ბანკი რეზერვების საშუალებით ვეღარ მოახერხებს ლარის გამყარებას, რადგან ეს რეზერვები ფიზიკურად ამდენიც არ გვაქვს. ამასთან, რეზერვების შევსების მექანიზმი არის საერთაშორისო მდგრადი ეკონომიკური სურათი და ეს სურათი დღეს არ გვაქვს.

ჩვენთან დაუწერელი კანონია, რომ წინასაახალწლოდ ლარს ამყარებენ ემიგრანტები, ხოლო ზაფხულში - ტურისტები. ეს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება“, - განაცხადა აბესაძემ.

ეკონიმისტმა ლარის კურსის გავლენაზე ოფშორების კანონიც ახსენა და მისი მუშაობის მექანიზმზეც ისაუბრა.

„ოფშორების კანონი, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო, გულისხმობს იმას, რომ პირდაპირ საბანკო ტრანსფერების საშუალებით, ზედმეტი გადასახადების გარეშე, იქ არსებული თანხები შევიდეს საქართველოში. საგულისხმოა, რომ ოფშორში არსებული თანხა არ არის დანაშაული, ეს არის მსოფლიოში აპრობირებული მექანიზმი, მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი - თუ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიიდან, ფინანსური აქტივები მიდის სხვა ქვეყანაში, ის მიმღები ქვეყანა ახდევინებს მას გადასახადს. ჩვენ ეს გადასახადი გავაუქმეთ, არ ვიცი, ვის ან რის სასარგებლოდ. ეს არის იმის წინაპირობა, რომ ოფშორებში აკუმულირებული თანხა ძალიან მარტივად საქართველოში მოხვდეს“, - განაცხადა ოთო აბესაძემ.

ეკა დარჩიაშვილი