მთავრობამ საერთაშორისო სტატუსი კიდევ 9 კომპანიას მიანიჭა - ვის ეკუთვნის ბიზნესები

მთავრობამ „საერთაშორისო საწარმოს სტატუსი“ კიდევ 9 კომპანიას მიანიჭა, მათ შორის, ერთ-ერთი არის ციფრული ბანკი Space, რომელიც ქართული ბაზრიდან მიმდინარე წლის თებერვალში გავიდა. საწარმოებისთვის სტატუსის მინიჭებაზე განკარგულებას ხელი პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ კომპანიებს, რომელთაც პრემიერის 15 ივლისის განკარგულებით „საერთაშორისო საწარმოს სტატუსი“ მიენიჭათ:

„თრეიდინგიუ საქართველო“ - კომპანია 2023 წელს დაფუძნდა. 100%-იანი წილის მფლობელია "თრეიდინგვიუ,ინკ“ (აშშ), კომპანიის დირექტორია დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ნილ ჯონ ბრეტი.

„ვანაფ გეიმსს“ - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით დაფუძნდა 2022 წელს. კომპანიის მესაკუთრეა რომან ჟდანოვი, ისრაელის მოქალაქე, დირექტორი კი მაგდა გურგენაძე.

„ეიჩ ემ ჯი სოფთვარს“ - დაფუძნდა 2023 წელს. 100%-იანი წილის მფლობელია შპს&კს ჰუკე მედია HRA, გერმანია. კომპანიის დირექტორი არის ავსტრიის მოქალაქე კრისტოფ კრიოპლი.

სს სფეის ინტერნეიშენალი - (Space) სამეწარმეო რეესტრის მიხედვით დაფუძნდა 2021 წელს. კომპანია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ იმართება. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არის ვახტანგ ბუცხრიკიძე, წევრები არიან ნინო მასურაშვილი და ბიძინა მაცაბერიძე.

„სთრაიქერზს“ - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, აღნიშნული კომპანია 2022 წელს დაფუძნდა. 100%-იან წილს კვიპროსში რეგისტრირებული „ქსტენ ლიმიტედი“ ფლობს. კომპანიის დირექტორი არის რატი ადუაშვილი.

„ფიკოქს სტუდიო“ - კომპანიის, რომელიც 2021 წელს დაფუძნდა, მფლობელიც და დირექტორიც ალექსანდრე ბიწაძეა.

„ბელკა გეიმზ გეს“ - საქართველოში აღნიშნული კომპანია 2022 წელს დაფუძნდა. 100%-იანი წილის მფლობელია კვიპროსში რეგისტრირებული შპს ბელკა გეიმზ სიუაი. საქართველოში კომპანიის დირექტორი არის ბელარუსის მოქალაქე ევგენია უროდნიჩი.

„სოფთვეა ქანთრი ჯორჯია“ - დაფუძნდა 2022 წელს, კომპანიის მფლობელიც და დირექტორის რუსეთ/ისრაელის ორმაგი მოქალაქე მაქსიმ დრაშკინსკია.

„სტატუს თრეიდინგსი“ - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2022 წელს არის დარეგისტრირებული. კომპანიის მლობელია ბელა გასოიანი, ისაა ასევე დირექტორიც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში "საერთაშორისო საწარმოს სტატუსის" მინიჭების კრიტერიუმები 2022 წლის ბოლოდან განისაზღვრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ სტატუსს იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს.

აღსანიშნავია, რომ ამ სტატუსის კომპანიები სპეციალური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%.

აღსანიშნავია, რომ "საერთაშორისო საწარმოს სტატუსი" უკვე 100-ზე მეტ კომპანიას აქვს მინიჭებული.