ჩინეთი ალტერნატიული ენერგეტიკის მსოფლიო ლიდერია

ჩინეთი ალტერნატიული ენერგეტიკის მსოფლიო ლიდერად დასახელდა. ამის შესახებ კვლევითი კომპანია Global Energy Monitor-ის (GEM) მონაცემებში წერია, რასაც The Guardian ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად, ჩინეთში ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა დანარჩენი მსოფლიოს საერთო რაოდენობას, თითქმის, ორჯერ აღემატება. კერძოდ, GEM წერს, რომ ჩინეთში მზის 180 გიგავატის, ხოლო ქარის 159 გიგავატ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობა არის დაგეგმილი, მაშინ, როცა, მაგალითად, აშშ-ში მზის ელექტროსადგურების ენერგიის გამომუშავების სიმძლავრე მხოლოდ 40 გიგავატია.

მეტიც, GEM-ის მკვლევარებმა მხოლოდ 20-მეგავატიანი ან მეტი სიმძლავრის მზის ფერმები აღრიცხეს და მზის ენერგიის მთლიანი მოცულობა ჩინეთში შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს, რადგან მცირე სადგურები მთლიანი ენერგიის, დაახლოებით, 40%-ს გამოიმუშავებენ.

კვლევაში, ასევე, წერია, რომ 2023 წლის მარტიდან წლევანდელ მარტამდე ჩინეთმა წინა სამი წლის საერთო რაოდენობაზე მეტი მზის დანადგარი დაამონტაჟა, რაც, ასევე, მსოფლიოს სართო მაჩვენებელზე მეტია. GEM-ის ექსპერტების შეფასებით, ზრდის მთავარი მიზეზი სექტორის მიმართ მთავრობის მხარდაჭერაა.

თუმცა ჩინეთის ელექტროსისტემა კვლავ ნახშირზე დამოკიდებული რჩება. GEM-ის შეფასებით, სუფთა ენერგიის მზარდი მოცულობის ეფექტური გამოყენებისთვის ქვეყანას შენახვის სრულყოფილი სისტემები და ქსელის მოქნილობა სჭირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ