თურქი ბიზნესმენებისთვის რუსეთში ექსპორტი სანქციების გამო კოშმარად იქცა და ისინი დასავლელი ოფიციალური პირების პირდაპირ მუქარას აწყდებიან. ამის შესახებ თურქმა ეკონომიკურმა მიმომხილველმა, მუსტაფა რეჯეფ ერჩინმა “რია ნოვოსტის” განუცხადა.
„სამწუხაროდ, სანქციები უარყოფითად აისახება არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ თურქეთზეც. რუსეთში ექსპორტი, თითქმის, ყველა ინდუსტრიაში, სასურსათო სექტორის გარდა, კოშმარად იქცა. თურქი მოვაჭრეები, რომლებიც საქონელს რუსეთში და რუსეთიდან აგზავნიან, სხვადასხვა პრობლემის წინაშე დგანან, დაწყებული საბანკო ანგარიშების გაყინვითა და დასავლეთის ოფიციალური პირების მუქარით დამთავრებული. ეს რუსეთში ექსპორტის შემცირებას იწვევს,” – აცხადებს მუსტაფა რეჯეფ ერჩინი.
მას თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, “წლის პირველ ექვს თვეში რუსეთში ექსპორტი, ფაქტობრივად, განახევრდა.“
ერჩინის თქმით, სასურსათო და ახალი ხილბოსტნეულის გარდა, ყველა სექტორი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ემბარგოს შედეგად მეტად დაზარალდა. ეს, განსაკუთრებით, ტყავის და ტყავის ნაწარმის სექტორს შეეხო, რომელიც, „ფაქტობრივად, განულდა.“
ცნობისთვის: მაისში რუსეთის ელჩმა თურქეთში EAdaily-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ზეწოლით თურქული საკრედიტო-ფინანსური ინსტიტუტები რუსეთთან თანამშრომლობას მეორადი სანქციების გამო გაურბიან. შედეგად, ელჩის მონაცემებით, საბანკო ტრანზაქციების მოცულობა საგრძნობლად შემცირდა, ანუ იმპორტიორები შეძენილ პროდუქციაზე თანხას ვერ რიცხავენ, ხოლო ექსპორტიორები ვერ იღებენ.
ამასთან, თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, პირველ კვარტალში რუსეთში ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32%-ით შემცირდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ