„საქართველოში იენისა და რუბლის შენახვის გამო ვერავინ ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ“ - გახდება თუ არა საქართველო აზიური შვეიცარია და რა ინტერესი აქვთ რუსეთსა და ჩინეთს საქართველოში, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეკონომისტი ოთო აბესაძე განმარტავს, რატომ ვერ მოხდება საქართველოს შვეიცარიზაცია.
„აზიური ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია საქართველოსთვის. სამწუხარო რეალობაა, რომ გაჩნდა გარკვეული მოლოდინები იმისა, რომ საქართველო გახდება ერთგვარი აზიური შვეიცარია, ნეიტრალიტეტი და გარკვეული გარანტიების მიღება, რომ საქართველო გახდება რეგიონის ერთგვარი ფინანსური ჰაბი. არადა, თუ გვინდა საქართველოს შვეიცარიზაცია, აქ უნდა ვისაუბროთ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე: შვეიცარიის უსაფრთხოებაზე პასუხს აგებს ამერიკა და ევროკავშირი, რადგან ამერიკის წარმოებული დოლარი და ევროკავშირის წარმოებული ევრო მაგ ქვეყანაში ინახება და საქართველოში იენისა და რუბლის შენახვის გამო ვერავინ ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ“, - აცხადებს აბესაძე.
ეკონომისტი განმარტავს, რატომ შეიძლება იყოს ცრუ დაპირება ანაკლიის პორტის მშენებლობა.
„აქ არის მნიშვნელოვანი დეტალი: თუ ჩინური კომპანიების მოზიდვაზე ვსაუბრობთ და მათ შორის ჩინური სანქცირებული კომპანიის მიერ აშენებულ პორტში თუ არ გაატარა ტვირთი Maersk-მა ან სხვა საერთაშორისო გადამზიდმა ან ეს ტვირთი არ მიიღო აშშ-მა, მერწმუნეთ, რომ ისეთივე ფუჭი იქნება პორტის აშენების დაპირება, როგორც ქუთაისში ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა იყო. მაშინ უარი მივიღეთ, რომ საქართველოში წარმოებული ჩინური ავტომობილები ვერ გაიყიდებოდა ევროკავშირის და შტატების ბაზარზე და შეჩერდა ეს პროექტი, იგივე მოხდება პორტის შემთხვევაშიც“, - განმარტავს ის.
ოთო აბესაძე იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც აზიის დაინტერესება მზარდია.
„საქართველო მათ მხოლოდ იმ პირობით სჭირდებათ, როგორც ახლა ვართ - გვაქვს Swift-ი, შეგვიძლია დოლარის და ევროს გატარება, მაშინ, როცა ჩინეთიც, ირანიც და რუსეთიც არის სანქცირებული და დამიჯერეთ, თუ მოხდება მიზერული თანხის ტრანსფერი - ფულის გათეთრება ან რუსული სანქცირებული ფულის გატარება Swift-ის მეშვეობით, სამწუხაროდ, ამას დოლარის და ევროს შემქმნელები არ გაატარებენ და თუ ქვეყანა მათ ამ არასწორი საქმის გაკეთებაში დაეხმარება, ავტომატურად დასანქცირდება არამარტო ხელისუფლება, არამედ საფინანსო ინსტიტუტებიც და მოსახლეობა ვერ გამოიყენებს Swift-ს - Visa-ს და Mastecard-ს.
ღმერთმა არ ქნას, რომ ქართული ბანკები ჩარეული იყვნენ ამ ყველაფერში, სახდეპი ამას არ დაფარავს და მკაცრად გვაგებინებს პასუხს. და მინდა ყველამ იცოდეს, რომ თუ საქართველო დასანქცირდება, ეს არ იქნება „რუსული კანონის“ მიღების გამო, არამედ ეს იქნება რუსეთისთვის ომის დახმარების გამო, თუნდაც ფინანსური ან არამატერიალური რესურსებით“, - აღნიშნავს აბესაძე.