„საქართველოდან ყაზახეთსა და ყირგიზეთში ჩაყვანილი მანქანები დგას - ბაზარი გაჯერდა“ - ავტოიმპორტიორი

„ბაზარზე ავტომობილების გაყიდვების კუთხით მდგომარეობა არ შეცვლილა“, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსი ნონიაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ბაზარი ავტომობილებით გაჯერებულია, იგივე მდგომარეობა ყაზახეთშიც. ნონიაძე აღნიშნავს, რომ საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტირებული მანქანები ვერ იყიდება.

„ძირითადი ბაზრები იყო აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი. უკრაინა ჩამოგვშორდა, პრაქტიკულად, უკრაინული ბაზარი დავკარგეთ. როგორც ინფორმაციას მაწვდიან ყაზახეთშიც და ყირგიზეთშიც აქედან ჩაყვანილი მანქანები დგას და თავის მყიდველს ელოდება. იქაც ბაზარი გაჯერდა, საქართველოში ისედაც გაჯერებული იყო. ბუნებრივია, ამ ჭარბმა მიწოდებამ წინა წლის იმპორტი შეამცირა, მაგრამ შეამცირა ექსპორტიც. 2023 წელი აქტიური გვქონდა, მოლოდინები იყო დადებითი და ამან გამოიწვია ბაზრის გაჯერება. ექსპორტზე გადის, მაგრამ ვხედავთ, რომ წინა წლებთან შედარებით, არის შემცირებული“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 7%-ით შემცირდა. შარშან პირველ ხუთ თვეში ექსპორტზე საქართველოდან გავიდა 795.03 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილი ჯამში 42 063 ერთეული. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იმავე პერიოდში ექსპორტირებულია 36 875 მანქანა ჯამში დაახლოებით 739.66 მლნ დოლარის.

2024 წლის იანვარ-მაისში ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოდან მანქანების ექსპორტი განხორციელდა ყირგიზეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ტაჯიკეთში.

წლიურად ყირგიზეთშიც 82%-ით გაიზარდა საქართველოდან მანქანების ექსპორტი. შარშან თუ 181.8 მლნ დოლარის მანქანა გავიტანეთ ყირგიზეთში ჯამში 4 571 ცალი, წელს მაჩვენებელი 9 302 ერთეულამდე გაიზარდა, შემოსავალმა კი 330.54 მლნ დოლარს მიაღწია.

ექსპორტი 27%-ით გაიზარდა წლიურად ყაზახეთში. წელს ექსპორტირებულია ხუთ თვეში 237.2 მლნ დოლარი ავტომობილი სულ 18 140 ერთეული, შარშან იმავე პერიოდში კი 10 894 მანქანის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 186.79 მლნ დოლარი შეადგინა.

აზერბაიჯანში შარშან პირველ ხუთ თვეში 12 916 მანქანაა ექსპორტზე გატანილი, ჯამში ღირებულებამ 189.19 მლნ დოლარი შეადგინა, ეს კი მაშინ, როცა მიმდინარე წელს ექსპორტირებულია 94.71 მლნ დოლარის 5 065 ერთეული მანქანა. მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯანში საქართველოდან მანქანების ექსპორტი განახევრდა.

სომხეთის შემთხვევაშიც 72%-ით არის შემცირებული ექსპორტი, კერძოდ, შარშან საანგარიშო პერიოდში 8 296 ცალი ავტომობილის ექსპორტიდან ჯამში მიღებულმა შემოსავლებმა 149.12 მლნ დოლარი შეადგინა. წელს კი მხოლოდ 42.312 მლნ დოლარის 2 508 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა.

ექსპორტი შემცირდა ტაჯიკეთში 35%-ით. წელს იანვარ-მაისში ექსპორტირებულია 8.489 მლნ დოლარის 595 მანქანა, შარშან იმავე დროს კი 13 მლნ დოლარის 1 221 ერთეული ავტომობილი.

რაც შეეხება უკრაინას, იმ ქვეყნებს შორის, სადაც საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ხორციელდება, მე-8 ადგილს იკავებს. გასული წლის იანვარ-მაისთან შედარებით, წელს უკრაინაში ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 26%-ით შემცირდა. შარშან საანგარიშო პერიოდში საქართველოდან უკრაინაში 5.246 მლნ დოლარის 347 ცალი ავტომობილი გავიდა, წელს იმავე დროს კი 3.907 მლნ დოლარის 527 ერთეული.

ცნობისთვის, 2024 წლის პირველ ხუთ თვეში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი წლიურად 23%-ით შემცირდა. შარშან იანვარ-მაისში იმპორტირებულია 1.262 მლრდ დოლარის 82,841 ცალი მანქანა, წელს იმავე პერიოდში კი 967.36 მლნ დოლარის 65 455 ერთეული.

მერი ტაბატაძე