მომავალ წელს, თბილისის მეტროს ვაგონების ნაწილს ექსპლუატაციის ვადა ეწურება. ვაგონების ჩანაცვლების პროგრამა ეტაპობრივად 7 წლის განმავლობაში იგეგმება, რის შემდეგაც თბილისის მეტროს პირველ ეტაპზე 22 ახალი ვაგონი ეყოლება. წინასწარი გათვლებით, პროექტი 200 მლნ ევრო დაჯდება.
როგორც „ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ბაბუნაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა, მეტროპოლიტენის დაფუძნების შემდეგ, დამოუკიდებლობის პირობებში, ვაგონების განახლება პირველად ხდება.
„მოქმედ პარკში დღეს 192 ვაგონი გვაქვს, მათგან ყველაზე ძველი 1974 წელს არის გამოშვებული, ხოლო ყველაზე ახალი 1992 წელს მივიღეთ. მას შემდეგ ახალი ვაგონი არ შეგვიძენია. ზოგადად, მეტროს ვაგონის ექსპლუატაციის ვადა საკმაოდ ხანგრძლივია, ესაა 31-35 წელი, მაგრამ ჩვენთან ყველა არის საბჭოთა სტანდარტების. ყველა მათგანი გადის ტექნიკურ რეგლამენტს და კაპიტალურ რემონტს. ჩვენთან ფინანსური პრობლემების გამო, თავიდან იგზავნებოდა მოსკოვში და იქ კეთდებოდა, შემდეც ჩვენთან მოხდა ინვესტიციების მოზიდვა და მოსკოვის ფილიალის დახმარებით შეიქმნა ადგილობრივი ქარხანა, რომელიც გლდანის დეპოში მდებარეობს,“ - განაცხადა ბაბუნაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი ვაგონები, ვადის მიუხედავად, უსაფრთხოა და ის ყოველდღიურად მოწმდება.
„მეტროს ვაგონი გადის ყოველდღიურ დათვალიერებას, დღის განმავლობაში ის შეიძლება შევიდეს დეპოში და იქაც გაიაროს დათვალიერება და კრიტიკული დეტალები შემოწმდეს. ერთი ვაგონის კაპიტალური რემონტი 900 ათასი ლარიდან 1.1 მლნ ლარამდე ჯდება. ამჯერად ყიდვას რაც შეეხება, თითო ვაგონი 6 მლნ ლარი ჯდება და მათი ექსპლუატაციის ვადა 40 წელი იქნება,“ - აცხადებს ის.
ბაბუნაშვილმა ახალი ვაგონების უპიარტესობები ჩამოთვალა.
„ახალ ვაგონებში იქნება ნაკლები ხმაური და კონდიცირების სისტემა. კარი იქნება უფრო განიერი, რათა მგზავრმა უფრო მალე შეძლოს შესვლა. ამასთან, ვაგონები იქნება გამჭოლი და მგზავრების განაწილება თანაბრად მოხდება,“ - განაცხადა მან.
ბაბუნაშვილმა სულ მალე უნაკერო ლიანდაგის მოპირკეთებაც დააანონსა. მისი თქმით, ამჟამად ასეთი ლიანდაგი მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველადან“ მეტრო „უნივერსიტეტამდეა“ .