წუხანდელი სტიქიის შედეგად სოფელ თამარისის მოსახლეობა დაზარალდა

წუხანდელი სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის მოსახლეობა დაზარალდა. ძლიერმა ქარმა თამარისში ხეები დაგლიჯა, წვიმამ და სეტყვამ კი ნათესები, ხეხილი და ვაზი გაანადგურა.

ქარის შედეგად მოგლეჯილი ასწლოვანი ნაძვები სოფლის ცენტრალურ ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებს დაეცა და სახურავები დააზიანა. ძლიერმა ქარმა სახურავი ათამდე სახლს გადახადა, მოგლეჯილი ნაძვების დაცემის შედეგად დაზიანებული და ჩანგრეულია ათამდე საცხოვრებელი სახლის სახურავი. სოფელს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. მოგლეჯილმა ნაძვებმა გაზსადენი და ელექტროსადენებიც დააზიანა.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალური კომისია უკვე შეუდგა. დილიდან მიმდინარეობს თამარისის ცენტრალური ქუჩის ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გაწმენდა.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა განაცხადა, სტიქიისგან მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და გამგეობის შესაბამისი სამსახურები.