26 ოქტომბრის არჩევნებში, თუ ივანიშვილის რეჟიმი შეინარჩუნებს ძალაუფლებას, საქართველო ასამდე ინფრასტრუქტურულ პროექტს დაკარგავს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარია მნიშვნელოვანი პროექტების დაკარგვაზე.
„ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად, საქართველოში ასამდე ინფრასტრუქტურული პროექტი გაჩერდება, დაიკარგება ათი მილიარდის ინვესტიცია და საშუალოდ ასი ათასი სამუშაო ადგილი. ეს მოხდება იმ პირობებში, თუ 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნება” შეინარჩუნებს ძალაუფლებას. აქ საუბარია ისეთ პროექტებზე, რომლებიც ეხება მაგალითად, თბილისის განვითარებას, მეტროპოლიტენის მოდერნიზაციას, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობას, ეხება ისეთ პროექტებს, როგორიც არის ირიგაცია - სარწყავი სისტემების მოწყობა, მაღალმთიანი რეგიონების გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია, ავტომაგისტრალების მშენებლობა, რაც ჯამში ქმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. ეს არია პერსპექტივა, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის მილიარდობით ლარის ინვესტიცია, რომელსაც გვაკარგვინებს ივანიშვილის რეჟიმი, ამიტომ ჩვენ ერთიანობით, ერთობით უნდა დავიწყოთ აღმშენებლობა იმის, რასაც 12 წელია ანგრევს ივანიშვილის ხელისუფლება”, - განაცხადა ვასო ურუშაძემ ბრიფინგზე.