„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები იგეგმება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.
ცვლილებების თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის თაობაზე, ლიცენზიის გამცემმა აუქციონის გამართვამდე ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნოს ვებგვერდზე - www.auction.ge. ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას ადგენს ლიცენზიის გამცემი ორგანო.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს აუქციონის გამართვისათვის საჭირო დროის დიფერენცირებას სასარგებლო წიაღისეულის სახეობების მიხედვით. კერძოდ, საწვავი რესურსებისა და ენერგორესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა), სამთო-ქიმიური ნედლეულის, არამადნეული ნედლეულის, საშენი მასალების მოსაპოვებლად, თუ მოსაპოვებელი ჯამური მოცულობა/წონა 500 000 (ხუთასი ათას) კუბურ მეტრს/ტონას არ აღემატება, აგრეთვე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოსაპოვებლად ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს, არაუგვიანეს 15 დღისა. სასარგებლო წიაღისეულის სხვა სახეობებისთვის განსაზღვრულია ერთთვიანი ვადა აუქციონის გამოცხადებისთვის.
საკითხის მარეგულირებელი ნორმების თანახმად, აუქციონის შემცირებული ვადა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს წიაღისეულის სახეობების უმრავლესობის მიმართ. კერძოდ, ჩანაწერი ფარავს პრაქტიკულად ყველა რესურსს, გარდა მადნეული რესურსებისა და მინერალური წყლისა.
საკითხის მარეგულირებელი ნორმების თანახმად, აუქციონის შემცირებული ვადა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს წიაღისეულის სახეობების უმრავლესობის მიმართ. კერძოდ, ჩანაწერი ფარავს პრაქტიკულად ყველა რესურსს, გარდა მადნეული რესურსებისა და მინერალური წყლისა.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, არსებული დიფერენცირება აღარ იარსებებს და სასარგებლო წიაღისეულის ყველა სახეობასთან მიმართებით ვადა განისაზღვრება ლიცენზიის გამცემის მიერ. აუქციონის ვადას განსაზღვრავს თავად ლიცენზიის გამცემი, რაც ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მეწარმეთა ინტერესების მხარდაჭერას. აღნიშნული ცვლილებით მოქნილი გახდება ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ იქნეს ისეთი ვადა, რომელიც საკმარისი იქნება დაინტერესებული პირების ინფორმირებისთვის, ვინაიდან გამოქვეყნება ხდება ელექტრონული საშუალებით და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მარტივად მოიძიოს ინფორმაცია აუქციონის გამართვის თაობაზე.
ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე წლის 6 სექტემბრიდან დაიწყება.