მარია შარაპოვა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალია

რუსმა ჩოგბურთელმა 2014 წელს 29,7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენ ქალად დასახელდა.”ფორბსის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგში მარია შარაპოვამ 26-ე პოზიცია დაიკავა, თუმცა პირველია ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენ ქალებს შორის.

რეიტინგის თანახმად, რუსმა ჩოგბურთელმა 2014 წელს 29,7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და 2013 წლის რეიტინგთან შედარებით, 8 საფეხურით დაწინაურდა.

კიდევ ერთი ქალი სპორტსმენი, რომელიც ”ფორბსის” რეიტინგის ასეულში მოხვდა, ამერიკელი ჩოგურთელი სერენა უილიამსია, რომელმაც გასულ წელს 24,6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

”ფორბსის” მონაცემებით, 28 წლის რუსი სპორტსმენის შემოსავლის ძირითადი ნაწილი სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებში ჩართვის ხარჯზე გაიზარდა. გასულ წელს მარია შარაპოვამ ახალი კონტრაქტი გააფორმა კომპანია Avon-თან, Samsung-თან, Tag Heuer-თან და Evian-თან. საერთო ჯამში, შარაპოვას სარეკლამო შემოსავლებმა 23 მილიონი დოლარი შეადგინა.

2012 წელს რუსმა ჩოგბურთელმა კანფეტების საკუთარი წარმოება ჩაუშვა, რომელსაც Sugarpova უწოდა. ”ფორბსის” მონაცემებით, გასულ წელს მარია შარაპოვას კომპანიის მიერ წარმოებული კანფეტების გაყიდვეი ორჯერ გაიზარდა.