მილიონერების ხუთი ჩვევა, რომელიც მათ გამდიდრებაში დაეხმარა

ამერიკელმა მკვლევარებმა მილიონერების ჩვევები შეისწავლეს, რომლის შედეგადაც დაასკვნეს, რომ თითქმის ყველა მილიონერი თავიანთ წარმატებას ოჯახში გამომუშავებულ ჩვევებსა და საკუთარ "მასწავლებლებს" უმადლიან. შედეგად, ამერიკელ მკვლევართა დასკვნით, წარმატების საიდუმლო ჩვენი ყოველდღიური ჩვევებია, რომელთაგან ზოგიერთს გამოცემა Mashable გთავაზობთ.

მილიონერებს შემოსავლის რამდენიმე წყარო აქვთ

წარმატებული ადამიანები ყოველთვის ქმნიან შემოსავლის დამატებით წყაროს და როგორც კვლევამ აჩვენა, ასეთი სულ მცირე სამი წყარო აქვთ. შემოსავლების დივერსიფიკაცია მდიდარ ადამიანებს სტაბილურობის შესაძლებლობას აძლევს. დამატებითი შემოსავლის წყაროდ შეგიძლიათ გაიხადოთ უძრავი ქონების გაქირავება, აქციებში ინვესტირება და სხვა.

ოცნება - მიზანი - რეალიზაცია

როგორც წესი, ადამიანი ჯერ ოცნებობს, შემდეგ კი სწორად გათვლილი მიზნის ხარჯზე ოცნების რეალიზებას ახდენს. საკუთარი ოცნების სწორი აღქმა წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინადარია. კვლევაში მონაწილე მილიონერების 64%-მა აღნიშნა, რომ დღემდე მისდევს საკუთარი ცხოვრების ერთ ოცნებას მაინც. 55%-მა კი განაცხადა, რომ ოცნებებსა და სურვილებზე დაფუძნებულ მიზნებს ისახავს.

მილიონერები დროს  ფუჭად არ ხარჯავენ

ადამიანებს ხშირად ეჩვენებათ, რომ ბევრი დრო აქვთ და არ აფასებენ დროს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ადამიანები ბევრ დროს ფუჭად ხარჯავენ ტელევიზორის ყურებაში, სოციალურ ქსელებში, რესტორნებში დროის ტარებასა და გართობაში. მაგრამ გახსოვდეთ, რომ დაკარგულ დროს ვერასდროს დაიბრუნებთ. ამიტომ სპეციალისტები გირჩევენ, მოახდინოთ თქვენი დროის ინვესტირება საკუთარი მიზნების განხორციელებაში. ამერიკაში ჩატარებული კვლევის თანახმად გაირკვა, რომ მდიდარი და წარმატებული ადამიანების 68% დღეში მხოლოდ 40 წუთს ხარჯავს ტელევიზორის ყურებაში, 61% კი ერთ საათზე მეტს არ ატარებს სოციალურ ქსელებში.

წარმატებულ ადამიანებს სულ მცირე, ერთი წარმატებული "მასწავლებელი" ჰყავთ

ასეთი მასწავლებელი შეიძლება იყვნენ მშობლები, მასწავლებლები, კოლეგები, წიგნები და თავად ცხოვრება. კვლევაში მონაწილე მილიონერების 92%-მა აღნიშნა, რომ მათ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით სწორედ ასეთ "მასწავლებლებს". მათი თქმით, ისინი ყოველთვის ითვალისწინებენ "მასწავლებელთა" ცხოვრებისეულ რჩევებსა და დაშვებულ შეცდომებს.

წარმატებული ადამიანები ოცნებასთან ბოლომდე მიდიან

წარმატებული და მდიდარი ადამიანები არასდროს ამბობენ უარს საკუთარ ოცნებებსა და მიზნებზე. პირიქით, სურვილები და მიზნები მათი ცხოვრების წესი ხდება. კვლევაში მონაწილეთა 28%-მა აღნიშნა, რომ ერთხელ მაინც განუცდიათ დიდი მარცხი, თუმცა არ დანებებულად და საკუთარი მიზნისკენ სვლა გაუგრძელებიათ. კვლევის ავტორთა თქმით, შეუპოვრობა არასდროს მოგცემთ გზიდან გადახვევის საშუალებას. ის გეხმარებათ ცვლილებებთან ადაპტირებასა და ზრდაში.

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დიდი მიზნის მიღწევა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. შეუპოვრობა და არ დანებება კი წარმატებული ადამიანების მთავარი თვისებები გახლავთ. სპეციალისტთა განცხადებით, საშუალოდ ადამიანს 21 დღე სჭირდება ძველი თვისებების ახლით შეცვლისთვის. საკუთარი თვისებების შეცვლით, თქვენ მალევე აღმოაჩენთ, როგორ იცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ და როგორ უახლოვდებით საკუთარ მიზნებსა და სურვილებს.