წინა წლებთან შედარებით, ველოტურიზმის მიმართულებით მოთხოვნა მცირედით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ Georgian Extreme Ways დამფუძნებელმა, ბექა ირემაშვილმა განუცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ ველოტურიზმის მიმართ ინტერესს გამოხატავენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები.
„გაზრდილია მეტ-ნაკლებად, წინა წლებთან შედარებით, ველოტურიზმით დაინტერესება. ცოტ-ცოტა იმატებს პოპულარობა, დიდი ნახტომი არ არის, მაგრამ ცვლილებები გვაქვს“, - აღნიშნა ბექა ირემაშვილმა.
Georgian Extreme Ways ველოტურებს ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით გეგმავს.
„პოპულარული მიმართულებებია ყაზბეგი, ხევსურეთი, ქვემო ქართლი, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, დავით გარეჯის მიმართულება და სხვები“, - დასძინა ირემაშვილმა.
რაც შეეხება ველობილიკებს, უმეტესად ნაკლებად მოწყობილია. ირემაშვილი ამბობს, რომ მაგალითად, გუდაურსა და ბაკურიანში ბილიკები მოუწესრიგებელია, თუმცა თავად ამ ლოკაციებზე ტურებს არ გეგმავენ.
„ველობილიკები ძალიან იშვიათად არის. ახლა გააკეთეს კუს ტბასთან, ეს კარგად მოწყობილი ინფრასტრუქტურაა, მაგრამ ბაკურიანის და გუდაურის ბილიკები მიუხედავია. ამ ლოკაციებზე ძირითადად თავად მიდიან ტურისტები, ჩვენ სხვა ადგილებში ვგეგმავთ ტურებს“, - განაცხადა ბექა ირემაშვილმა.