მთავრობის გადაწყვეტილებით, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ჩამონათვალში მოხვდა, ეს კი ნიშნავს, რომ ამ ტიპის ცენტრები გარკვეული რეგულირების ქვეშ მოექცევიან და დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილებაც მოუწევთ.
როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, სარეაბილიტაციო -გამაჯანსაღებელი მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2025 წლის 1-ელ იანვრამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ დამატებით პირობებთან და შეტყობინება საქმიანობის დაწყების თაობაზე წარადგინოს სააგენტოში.
დადგენილებით განისაზღვრა, რომ სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურება მოიცავს ექიმის/მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გულსისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვული და სხვა სისტემების დაავადებებისა და ტრავმული დაზიანებების მქონე პაციენტის ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინებით, სარეაბილიტაციო პროგრამის მართვის გეგმის შემუშავებას, ფიზიკური ფაქტორების შერჩევას და/ან სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელებას.
რაც შეეხება უშუალოდ ვალდებულებებს და მოთხოვნებს რაც სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებს გაუჩნდებათ 2025 წლიდან, დადგენილების თანახმად, განისაზღვრა კონკრეტული პროცედურებისთვის საჭირო სივრცის მოცულობა; ასევე მომსახურე პერსონალისთვის სავალდებულოა არსებობდეს გამოსაცვლელი/მოსასვენებელი ოთახი; მსგავსი ტიპის დაწესებულებაში ჰიდროთერაპიული აუზის არსებობის შემთხვევაში განისაზღვრა თუ რა პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს აუზი - როგორი უნდა იყოს სიღრმე, ფართობი და ა.შ.; სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი საქმიანობისთვის გამოყენებულ მინერალურ წყალს/სამკურნალო მიზნით გამოყენებულ ტალახს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული მოპოვების ლიცენზია და რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების სახელმწიფო ნუსხაში; ოკუპაციური თერაპიისა და ფიზიკური თერაპიის (ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია) სერვისის მიწოდების შემთხვევაში ინდივიდუალური მუშაობისას დღეში 1 სპეციალისტზე უნდა მოდიოდეს არაუმეტეს 10 პაციენტი, ხოლო ჯგუფური მუშაობისას არაუმეტეს 25 პაციენტი; ამასთან, დადგენილების თანახმად, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სერვისის ფარგლებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი (ექიმები, ექთნები) და ფიზიკური და ოკუპაციური თერაპიის სპეციალისტები უნდა მონაწილეობდნენ მზადების პროგრამებში გულის გაჩერებისას პირველადი სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი მდგომარეობების მართვის მიმართულებით 2 წელიწადში ერთხელ.